საარჩევნო კოდექსის ცვლილება

ბესელია: გამოვდივარ ინიციატივით, დაინერგოს ბიულეტენების გადამოწმების მექანიზმი

ეკა ბესელია
parliament.ge

დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია გამოდის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, დაინერგოს საარჩევნო ბიულეტენების გადამოწმების მექანიზმი. 

როგორც პარლამენტის წევრი ამბობს, კანონპროექტი იურისტ ვახტანგ ხმალაძის მიერაა მომზადებული და პარლამენტში 8 ივლისამდე დარეგისტრირდება. 

"ეს არის მექანიზმი, როგორ ავიცილოთ თავიდან შესაძლო გაყალბება. როგორ მოვახერხოთ, რომ, რაც შეიძლება ეფექტიანი მექანიზმი არსებობდეს ბიულეტინების გათვლის, მათი გადამოწმების შესაძლებლობის თაობაზე". – თქვა ეკა ბესელიამ. 

დეპუტატის ინფორმაციით, ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს "თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია" უჭერს მხარს. ეკა ბესელიას განმარტებით, ეს ერთიანი მხარდაჭერა იმის მაჩვენებელია, რომ ყველა თანახმაა, თუკი გაჩნდება რაიმე კითხვა და ეჭვი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, არსებობდეს მექანიზმი ამ შედეგების, ბიულეტენების გადამოწმების. 

"სამუშაო ჯგუფი გაეცნო ამ ინიციატივას. მას მხარს უჭერდა რამდენიმე პოლიტიკური პარტია იმ პერიოდში, როცა ინიციატივა წარადგინეს. ინიციატივა განხილული იყო, მაგრამ არ აუსახავთ იმ პროექტში, რომელიც მმართველმა პარტიამ წარმოადგინა პარლამენტში. 

წინა კვირაში საარჩევნო კოდექსის დაჩქარებული წესით განხილვისას დავაყენე ეს საკითხი რიგგარეშე სესიაზე. ეს წინადადება შევთავაზე სწორედ ამ პარტიების სახელით მომხსენებელს, ბატონ კობახიძეს, თუმცა არ იყო გაზიარებული". – ამბობს ეკა ბესელია. 

დეპუტატი მოითხოვს, პარლამენტმა 13 ივლისს, რიგგარეშე სესიის სხდომების ფარგლებში დაჩქარებული წესით განიხილოს ეს ინიციატივა. 

"კითხვაზე, მოასწრებს თუ არა, ვპასუხობ: დიახ, მოასწრებს, რადგან ძალიან დიდი პაკეტი, დიდი ცვლილებები მივიღეთ სამ დღეში წინა სასესიო კვირაში. ეს არის ერთი კონკრეტული საკითხი, რომელიც არანაირ ფინანსურ ხარჯებს არ იწვევს, არ წარმოადგენს არავითარ სირთულეს, უბრალოდ სჭირდება საარჩევნო კოდექსში შემდეგი ცვლილების შეტანა: შემოთავაზებულია პროცედურა, რომ ყოველ საარჩევნო ოლქში, სავალდებულო წესით, თუმცა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გადაითვლება მოცემული ხმები და არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა.

წილისყრით შერჩეული იქნება ერთი საარჩევნო უბანი, თუ ოლქში არ არის არცერთი საჩივარი, არცერთი განცხადება, რომ შედეგები იყოს გადათვლილი, ხოლო იმ საარჩევნო უბნებში, სადაც გადათვლის მოთხოვნით ან საჩივრით მიმართავენ უფლებამოსილი პირები, ვინც არიან საარჩევნო უბნებზე წარმოდგენილი, ასეთ ოლქში მოთხოვნა თუ დადგება, სამზე მეტ უბანს შეეხება და საოლქო-საარჩევნო კომისია წილისყრით, ანუ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩევს 3 საარჩევნო უბანს და გადაითვლის თავიდან. ეს აზღვევს გაყალბების შესაძლებლობას, რადგან წინასწარ არავინ იცის, რომელი უბანი შიძლება მოხვდეს ამ წილისყრის დროს". – ამბობს ეკა ბესელია. 

კომენტარები