დავით ჭაკუას საქმე

კობახიძე: ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად

ირაკლი კობახიძის თქმით, დავით ჭაკუას ექსტრადირება "ყველას შეახსენებს, რომ არც ერთი დანაშული დაუსჯელი არ დარჩება, ახლა კი ელოდება, როდის გამოაცხადებს მას პოლიტპატიმრად".

"ის იყო რეჟიმის ერთ-ერთი მძიმე წარმომადგენელი, რომელიც ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულებს, ისინი ხელყოფდნენ ადამიანების ღირსებას. სამწუხაროა, რომ გვიან აღსრულდა სამართალი, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაინც აღსრულდა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით, გამომდინარე იქიდან, რომ მათ განახორციელეს ამ მძიმე დამნაშავის ექსტრადიცია. ეს ფაქტი შეახსენებს ყველას, რომ არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ რა რეჟიმთან გვქონდა ჩვენ საქმე 2012 წლამდე. ახლა ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად". - უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს, ინტერპრესნიუსის ცნობით.

გერმანიიდან საქართველოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდება. ინფორმაცია ტაბულას გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

უწყებაში ასევე თქვეს, რომ დეტალების შესახებ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

პროკურატურა ჯერ კიდევ 2013 წელს აცხადებდა, რომ ჭაკუას ექსტრადირებისთვის საჭირო დოკუმენტებს ამზადებდა. მაშინ ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი ავსტრიაში დააკავეს, თუმცა მალევე 5000-ევროიანი გირაო შეუფარდეს და გაათავისუფლეს, მაგრამ აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს საქართველოს გამოძიება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ უფროს ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად, 2006 წლის 27 მარტს ციხის ბუნტის პროვოცირებას ედავება, რასაც 7 პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

ასევე, ჭაკუას, ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალად ედება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მოწმეზე ძალადობა.

კომენტარები