გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიში

UNFPA: საჭიროა დაჩქარებული მოქმედება ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების შესაჩერებლად

"დაუყოვნებელი და დაჩქარებული მოქმედებაა საჭიროა ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების, ბავშვთა/ადრეული ქორწინებისა და სხვა მსგავსი პრაქტიკების შესაჩერებლად, რომლებიც ზიანს აყენებს ქალებსა და გოგონებს". – ნათქვამია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშში სახელწოდებით "საზიანო პრაქტიკებით გამოწვეულ ფარულ და ენდემურ კრიზისთან გამკლავება".

ანგარიშის მიხედვით, ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით გოგონა ხდება საზიანო და მანკიერი პრაქტიკის მსხვერპლი, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს და ეს ხდება მათივე ოჯახების, მეგობრებისა და საზოგადოების თანხმობით.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია სამ ყველაზე გავრცელებულ საზიანო პრაქტიკაზე: ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება, ბავშვთა/ადრეული ქორწინება და ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭება.

"საზიანო პრაქტიკა გოგონებში ღრმა და ხანგრძლივ ტრავმას იწვევს და ცხოვრებაში მათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის უფლებას ართმევს". – ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ნატალია კანემი.

ანგარიშში წერია, რომ:

"სულ მცირე, 19 საზიანო პრაქტიკა, დაწყებული მკერდის გაკვრითა და დამთავრებული ქალწულობის შემოწმებით, მიჩნეულია ადამიანის უფლების დარღვევად.

წელს, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 4,1 მილიონი გოგონა გახდება სასქესო ორგანოების დასახიჩრების მსხვერპლი; 18 წლამდე ასაკის 33 000 გოგონა იძულების წესით დაქორწინდება მასზე ასაკით უფროს კაცზე. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში ვაჟებისადმი უპირატესობის მინიჭების ტენდენციამ ხელი შეუწყო გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრაქტიკის გავრცელებას, ან გოგოების უგულებელყოფას, რაც, რიგ შემთხვევაში, გოგოს სიკვდილით მთავრდება და რისი შედეგიც არის მსოფლიო მასშტაბით 140 მილიონი გაუჩინარებული გოგო".

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბავშვთა ქორწინება, ზოგადად, არალეგალურად არის მიჩნეული და მსგავს შემთხვევათა რაოდენობა კლებულობს. თუმცა, რეგიონის ზოგიერთ ნაწილში აღნიშნული პრაქტიკა ჯერ ისევ ფართოდ არის გავრცელებული (ზოგიერთ ქვეყანაში 18 წლამდე ასაკში დაქორწინებულ გოგონათა წილი 15%-მდეა; ხოლო ზოგიერთ თემში თითქმის ყოველი მეორე ქალი 18 წლამდე ასაკში ქორწინდება).

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ვაჟისადმი უპირატესობის მინიჭება კვლავაც ფართოდ არის გავრცელებული, რამაც სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის სერიოზული დარღვევა გამოიწვია, რადგან დაბადებული ვაჟების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დაბადებული გოგოების რაოდენობას.

ქვეყნებს, რომლებმაც მიიღეს საერთაშორისო ხელშეკრულებები, როგორიცაა ბავშვის უფლებების კონვენცია, ეკისრებათ საზიანო პრაქტიკის აღკვეთისა და დასრულების ვალდებულება. ბევრმა ქვეყანამ ამ ვალდებულების შესრულების მიზნით შესაბამისი კანონები შემოიღო, თუმცა, მხოლოდ კანონების შემოღება საკმარისი არ არის.

ათწლეულების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ და ამ მიმართულებით წარმოებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ე. წ. ქვემოდან ზემო მიდგომები გაცილებით ეფექტურია ცვლილებების მისაღწევად".

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი, ალანა არმიტაჟი ამბობს, რომ ნებისმიერი ფორმის საზიანო პრაქტიკას საერთო საფუძველი აქვს.

"ფართოდ გავრცელებული მცდარი შეხედულება, რომ ვაჟები გოგონებზე უპირატესნი არიან, თუმცა ჩვენ მოწმე ვხდებით იმისა, რომ აღნიშნული სოციალური ნორმები სწორი მიმართულებით იცვლება და არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ერთობლივი ძალისხმევით – მთავრობები, სამოქალაქო საზოგადოება, ავტორიტეტული პირები და საზოგადო მოღვაწენი – შევძლებთ გოგონებისთვის ზიანის მომტანი ყველა პრაქტიკა წარსულს ჩავაბაროთ". – აცხადებს ის.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ანგარიშში ასევე წერია, რომ პროგრამები, რომლებიც სოციალური ნორმების შეცვლას ემსახურება, საკმაოდ ეფექტურია საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად, თუმცა ეს პროგრამები არა მხოლოდ ამგვარი პრაქტიკის აღმოფხვრაზე უნდა იყოს ორიენტირებული, არამედ უფრო ფართო სპექტრის საკითხებზე, როგორიცაა ქალებისა და გოგონების დაქვემდებარებული მდგომარეობის შეცვლა, მათი უფლებების დაცვა, მათი სტატუსის ამაღლება და შესაძლებლობებზე წვდომის უზრუნველყოფა.

"მსოფლიო მასშტაბით, ბავშვთა ქორწინებისა და ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა 10 წლის ვადაში არის შესაძლებელი ისეთი გზებით, როგორიცაა გოგონებისთვის სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების შექმნა, მათთვის ცხოვრებისეული უნარების სწავლება და სოციალური ცვლილებების განხორციელების ძალისხმევაში ბიჭებისა და მამაკაცების ჩართვა. ანგარიშის თანახმად, 2030 წლამდე 3,4 მილიარდი დოლარის ოდენობის წლიური ინვესტიცია ამ ორი საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრას უზრუნველყოფს და ამით დასრულდება 84 მილიონამდე გოგონას ტანჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიმართულებით გარკვეული პროგრესი მიღწეულია, COVID-19-ის პანდემია საფრთხეს უქმნის ამ მიღწევებს და ზრდის პრობლემის გამწვავების რისკს. უახლესი კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიწოდება და პროგრამები ექვსი თვით შეჩერდება დღევანდელი დღიდან 2030 წლამდე პერიოდში, დამატებით 13 მილიონი გოგონა გახდება იძულებული ადრეულ ასაკში დაქორწინდეს და 2 მილიონზე მეტი გოგონა გახდება სასქესო ორგანოების დასახიჩრების მსხვერპლი.

პანდემიამ, შესაძლოა, გამოიწვიოს იძულებით ადრეული ქორწინების რისკის ზრდა, რომელიც გარკვეულ საზოგადოებებში ოჯახის ეკონომიკური ტვირთის შემსუბუქების სტრატეგიად არის მიჩნეული. იზოლაცია, სკოლების დახურვა და გადაადგილების შეზღუდვა არღვევს მოზარდი გოგონების ყოველდღიური ცხოვრების რიტმს და იმ სისტემების რღვევას უწყობს ხელს, რომლებიც მათ ამ ყოველდღიური ცხოვრების რიტმის შენარჩუნებაში ეხმარება". – აცხადებს UNFPA.

„პანდემია უფრო მეტ გოგონას აყენებს რისკის წინაშე და საფრთხეს უქმნის ჩვენ მიერ ამ რისკების შემცირების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ გოგონებმა ყველგან შეძლონ სრულად ისარგებლონ საკუთარი უფლებებით, თავად გააკეთონ საკუთარი ცხოვრებისა და სხეულის შესახებ არჩევანი". – ამბობს ალანა არმიტაჟი.

კომენტარები