აშშ-საქართველო

რიში: ველოდები 8 მარტის შეთანხმების სრულ შესრულებას

Bloomberg.com

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში Twitter-ზე საქართველოში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს გამოეხმაურა:

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 8 მარტის შეთანხმებით საჭირო კონსტიტუციური ცვლილებები. ეს გაზრდის ქართველების ნდობას თავიანთი მთავრობისადმი და წაახალისებს დემოკრატიულ მონაწილეობას. შეთანხმების სრულ შესრულებას და საქართველოს დემოკრატიის გაღრმავებას ველი".

29 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები III მოსმენით მიიღო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდება – მომდევნო პარლამენტში 120 დეპუტატი პროპორციული სიიდან იქნება, ხოლო 30 – მაჟორიტარი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში შესატანი ცვლილებების პროექტი ტაბულამ 26 ივნისს მოიპოვა.

ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის და ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ, გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხება.

შესწორებაში რიში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, თუმცა, 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის რურუას გათავისუფლება არის წინაპირობა იმისა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობის შეთანხმებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. შეთანხმებული ცვლილებები კვლავ არასრულია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2020 წლის ოქტომბერშია დანიშნული.

"2019 წლის 18 ნოემბერს ბიზნესმენები და ტელეკომპანია მთავარი არხის დამფინანსებელი, გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით დააკავეს.

8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება.

საქართველოს ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის, ბატონი გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო კანონში შესატანი შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობაა". – წერია დოკუმენტში.

მმართველმა გუნდმა სენატორ რიშის მოწოდება არ გაითვალისწინა და 29 ივნისს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენამდე ერთი საათით ადრე გამართულ სასამართლო პროცესზე გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები