აშშ-საქართველო

გახარია აშშ-ს თავდაცვის აქტზე: ზოგს პარტნიორების ენის თარგმნა ექსკლუზიური უფლება ჰგონია

"ზოგიერთს ექსკლუზიური უფლება ჰგონია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ენის თარგმნა", - ასე ეხმაურება პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ცვლილებას, რომელიც აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში საქართველოს შესახებ უნდა შევიდეს.

"დღეს ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ, დეპუტატმა, წამოგვაძახა, სენატში განიხილება თავდაცვის ავტორიზაციის აქტიო და იქ ისეთი ჩანაწერი იქნებაო, რომელიცო, აგერ ნახავთო. ერთხელ ვთქვი, რომ ზოგიერთ ჩვენს ოპოზიციის წარმომადგენელს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ექსკლუზიური უფლება ჰგონია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ენის თარგმნა და შემდგომ ამით სპეკულირება ქართულ საზოგადოებაში. 

რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმისთ აღვნიშნავ, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. რათქმა უნდა, ხელისუფლება ამ შეთანხმებას შეასრულებს. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი უყრის კენჭს ორშაბათს და ქვეყანაში იქნება ის საარჩევნო სისტემა, რომელსაც მივყავართ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართულებით", - ამბობს გახარია. 

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში შედის ცვლილება. ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმდჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის და ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ - გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხება.

შესწორებაში რიში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, თუმცა, 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის რურუას გათავისუფლება არის წინაპირობა იმისა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობის შეთანხმებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. შეთანხმებული ცვლილებები კვლავ არასრულია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2020 წლის ოქტომბერშია დანიშნული.

"2019 წლის 18 ნოემბერს ბიზნესმენები და ტელეკომპანია მთავარი არხის დამფინანსებელი, გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით დააკავეს.

8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ოპოზიციური პარტიები საქართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ბატონი გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო კანონში შესატანი შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობაა". – წერია დოკუმენტში.

შესწორებები ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები