აშშ-საქართველო

ბოკერია კობახიძეზე: ვერ დავიბრალებ, რომ ჩემი კონტაქტი განსაზღვრავს სენატის გადაწყვეტილებას

ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის, განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში შესული ცვლილება მისი და სენატორ რიშის აპარატის უფროსის მეგობრობის შედეგია. 

"ბატონი კობახიძე ჩემთვის კომპლიმენტების თქმას აგრძელებს. ჯერ თქვა, რომ გოიმებში ნომერ პირველიაო, ახლა თქვა ჩემზე, რომ ჩემი პირადი კონტაქტები განსაზღვრავს სენატის გადაწყვეტილებებს. პირველი კომპლიმენტი მივიღე, მეორეს, სამწუხაროდ, ვერ დავიბრალებ, არ მაქვს ამხელა გავლენა", - თქვა ბოკერიამ. 

გიგა ბოკერიას შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორი იმდენად არის შეშფოთებული ქვეყნის შიგნით მიმდინარე ამბებით, რომ "საჭიროდ თვლის ასეთ მკაცრ გზავნილს ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტში."

კობახიძემ ასევე თქვა, რომ აშშ-ს ეროვნული თავდაცვის აქტში შესული ცვლილება მმართველ გუნდს ვერაფერს დააკლებს, თუმცა დააზიანებს საერთაშორისო პარტნიორების რეპუტაციას.  

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში შედის ცვლილება. ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის და ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ, გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხება.

შესწორებაში რიში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, თუმცა, 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის რურუას გათავისუფლება არის წინაპირობა იმისა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობის შეთანხმებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. შეთანხმებული ცვლილებები კვლავ არასრულია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2020 წლის ოქტომბერშია დანიშნული.

"2019 წლის 18 ნოემბერს ბიზნესმენები და ტელეკომპანია მთავარი არხის დამფინანსებელი, გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით დააკავეს.

8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება.

ოპოზიციური პარტიები საქართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ბატონი გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო კანონში შესატანი შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობაა". – წერია დოკუმენტში. 

შესწორებები ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები