აშშ-საქართველო

აშშ-ს თავდაცვის აქტის შესწორება: თანამშრომლობა გაგრძელდება, თუ საქართველო პირობებს დაიცავს

dailypolitical.com

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის აქტში შედის ცვლილება. ცვლილება სენატის საგარეო კომიტეტის თავმდჯდომარეს, ჯეიმს რიშს ეკუთვნის და ის საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, კერძოდ - გიორგი რურუასა და 8 მარტის შეთანხმებას შეეხება.

შესწორებაში რიში წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა, თუმცა, 8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ დაკავებულია და სასამართლოს ელოდება. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის რურუას გათავისუფლება არის წინაპირობა იმისა, რომ მათ საარჩევნო კანონმდებლობის შეთანხმებულ ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. შეთანხმებული ცვლილებები კვლავ არასრულია, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები 2020 წლის ოქტომბერშია დანიშნული.

"სენატი კვლავ გამოხატავს სურვილს, გაგრძელდეს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა მმართველობის და ეკონომიკის რეფორმებზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართულებით, თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს კეთილი ნების გამოხატვას ამ რეფორმების გატარებაში.

მოუწოდებს მთავრობას და პოლიტიკურ ლიდერებს, უარი თქვან ძალაუფლების ცდუნებაზე და ერთად იმუშაონ თავისუფალი პრესის, კერძო ბიზნესის ასაშენებლად და კიდევ უფრო პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე მმართველობის შესაქმნელად.

ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმაზე ეუთოს რეკომენდაციების იმპლემენტაციის მნიშვნელობას, რაზეც საქართველოს პოლიტიკური პარტიები 8 მარტს შეთანხმდნენ.

მოუწოდებს მთავრობას, გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატია დამოუკიდებელი სასამართლოს გზით, მათ შორის მოსამართლეების დანიშვნის გამჭვირვალეობის გაზრდით ყველა ინსტანციაში და დაასრულოს იმ მოსამართლეების დანიშვნის პრაქტიკა, რომლებიც მმართველი პოლიტიკური პარტიის გავლენის ქვეშ ან მათდამი ლოიალურები არიან.

ადასტურებს, რომ ამ საარჩევნო და სასამართლო რეფორმების იმპლემენტაცია არის კრიტიკული მნიშვნელობისა იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ შეძლოს და აღადგინოს ნდობა მათი მხრიდან დემოკრატიული განვითარების და დასავლეთში ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერისადმი.

ცნობს მომავალი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და მოუწოდებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, მშვიდობიანი და 8 მარტს შეთანხმებული წესების მიხედვით წარმართული". - წერია დოკუმენტში. 

აქტში საუბარია ქართველ პოლიტპატიმრებზე, მათ შორის მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუაზეც. 

"2019 წლის 18 ნოემბერს ბიზნესმენები და ტელეკომპანია მთავარი არხის დამფინანსებელი, გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით დააკავეს. 

8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება. 

ოპოზიციური პარტიები საქართველოში ამტკიცებენ, რომ ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ბატონი გიორგი რურუას გათავისუფლება საარჩევნო კანონში შესატანი შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერის წინაპირობაა". - წერია დოკუმენტში. 

 

კომენტარები