თბილისის მერია

კალაძე: FAKE NEWS-ი ბოროტებაა, ამის პოლიტიარაღად გამოყენებამ კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია

"ფეიკნიუსი ძალიან დიდი ბოროტებაა და პოლიტიკურ იარაღად, განსაკუთრებით არჩევნების წინ, ამის გამოყენებამ საქართველოში კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია". – თქვა კახა კალაძემ, იმ პარტიის გენერალურმა მდივანმა, რომელსაც კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო Facebook-მა ასობით გვერდი წაუშალა.

თბილისის მერი, კახა კალაძე, საკუთარ Facebook გვერდზე საგანგებოდ გასულ Live ჩართვაში განმარტავს, რომ Fake ნიუსებთან დაპირისპირებას საკუთარი სოციალური მედიის Live ჩართვებით აპირებს და ამას პერმანენტული ხასიათი ექნება. კახა კალაძის თქმით, ფეიკნიუსთან ბრძოლა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებაა

"რატომ გადავწყვიტეთ მერიაში ამ მიმართულების ვიდეოკომუნიკაცია თბილისელებთან და ყველასთან, ვისაც აინტერესებს ზოგადად დედაქალაქში მიმდინარე მოვლენები? ვფიქრობ, ამ პრობლემასთან გამკლავება არის ჩვენი ვალდებულება მოსახლეობის წინაშე, პირველ რიგში მათ წინაშე, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და დედაქალაქის განვითარება გვანდო. დეზინფორმაცია არის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. მეგასახელმწიფოებმა ღიად გამოაცხადეს ამ პრობლემის შესახებ და უმაღლეს დონეზე ხდება ამ მიმართულებით რესურსის მობილიზება. ყველა ძალიან კარგად ხედავს, თუ როგორი დამანგრეველი ძალა აქვს დეზინფორმაციას, რა საფრთხის შემცველია საზოგადოების მოტყუება და ზოგადად სიცრუის ტირაჟირება". - ამბობს კალაძე.

დედაქალაქის მერმა ფეისბუკ Live-ში სხვადასხვა მედიაში გასული სიუჟეტები განიხილა და დაანონსა, რომ იგი გეგმავს მედიის მიერ მომზადებული სიუჟეტების პერმანენტულად განხილვას.

კალაძის ახალი პროექტის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. მან საკუთარ Facebook გვერდზე გამოქვეყნა ბანერი, რომელსაც საკუთარ სოციალურ გვერდზე მერმა რეკლამირება გაუწია. ბანერზე სამი ტელეკომპანიის ლოგოა გამოსახული - მთავარი არხის, TV პირველის და ფორმულასი.

გუშინ, 24 ივნისს კი კალაძემ ფეიკნიუსებთან ბრძოლის პროექტი დააანონსა. კალაძის ახალი პროექტის შესახებ განცხადება გაავრცელეს NGO-ებმაც.

NGO-ების შეფასებით, თბილისის მერი აპირებს, "გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად". ისინი მოუწოდებენ კახა კალაძეს, "იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმაოს მედიაზე თავდასხმის რისკები".

კალაძის ამ პროექტსა და კონკრეტულად გამოქვეყნებულ ბანერზე სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ეს ბანერი შთაბეჭდილებას ქმნის, რომ რეალური მიზანი კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ განცხადებების გაკეთებაა და არა ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა.

ცნობისათვის, 2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა საკუთარი პლატფორმიდან წაშალა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული 418 ანგარიში. სოციალური ქსელის გიგანტის განცხადებით, გვერდები ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში და ამრავლებდნენ პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ნარატივს.

მოგვიანებით, 2020 წლის მაისში, Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის მიერ შექმნილი მედიასააგენტო ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო წაშალა. Facebook-მა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა.

კომენტარები