თბილისის მერია

კალაძე ბანერზე: სისხლი არაფერ შუაშია, ესაა ტყუილებში ჩაღვენთილი ლოგოები

"სისხლი არაფერ შუაშია, ესაა ტყუილებში ჩაღვენთილი ლოგოები". – ასე ახსნა თბილისის მერმა, კახა კლაძემ, ფოტო, რომელიც საკუთარ Facebook გვერდზე დღეს გამოაქვეყნა და "Fake News-ებთან" ბრძოლა გამოაცხადა.

კალაძის ახალი პროექტისთვის შექმნილ სპეციალურ ბანერზე, რომელსაც სოციალურ გვერდზე მერმა რეკლამა გაუწია, სამი ტელეკომპანიის ლოგოა გამოსახული - მთავარი არხის, TV პირველის და ფორმულასი.

კახა კალაძის აზრს იზიარებს ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძეც: "თქვენ ამ ფოტოზე დაინახეთ სისხლები, ეტყობა, გარკვეული კომპლექსის ნაწილია, მე ვნახე ჩამოღვენთილი ლოგოები, კონკრეტული ტელევიზიების, რომლებიც ფეიკნიუსებს ავრცელებენ". - ამბობს მდინარაძე.

თბილისის მერმა ფეიკნიუსებთან ბრძოლის პროექტი 24 ივნისს დააანონსა და მის დაწყებას დღეს, 25 ივნისს გეგმავს.

ცნობისათვის, 2019 წლის 20 სექტემბერს Facebook-მა საკუთარი პლატფორმიდან წაშალა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული 418 ანგარიში. სოციალური ქსელის გიგანტის განცხადებით, გვერდები ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში და ამრავლებდნენ პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ნარატივს.

მოგვიანებით, 2020 წლის მაისში, Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის მიერ შექმნილი მედიასააგენტო ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო წაშალა. Facebook-მა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა.

კომენტარები