მდინარაძე: ნაციონალური მოძრაობა თავისი ყველა დანაყოფით გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან

ტაბულა

"ცალსახად და გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობა თავისი ყველა დანაყოფით გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან". – ამბობს ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მეორე მოსმენით, 115 ხმა 3-ის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

მდინარაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენის დროსაც არ ემუქრება საფრთხე. ოცნების ლიდერი ოპოზიციას 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობას აკისრებს და არგუმენტად ფასილიტატორი ელჩების მოწოდება მოჰყავს, რომლებმაც შეთანხმებაში მონაწილე მხარეებს მოუწოდეს, მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.

"მათ იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას იმის შესახებ, რომ ხელმომწერ ყველა მხარეს მხარი დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტისთვის. ეს ადამიანები არა საზოგადოებრივ დაკვეთაზე, არამედ თავიანთ გეგმებზე ზრუნავენ". – ამბობს მდინარაძე.

თუმცა, ოპოზიცია შეთანხმების მიღწევიდან დღემდე ითხოვს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლებას. ეს კი, საარჩევნო ცვლილებებთან ერთად, 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის პირველ მოსმენას, რომელიც 21 ივნისს შედგა, ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს და ამით ხელისუფლებას მესამე მოსმენამდე – ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცებამდე რურუას გათავისუფლების დრო მისცეს.

ამასთან, პარტიის განცხადებით, ვინაიდან საქმე საკონსტიტუციო ცვლილებას ეხება, რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რასაც, თავის მხრივ, რამდენიმე თვე ესაჭიროება. იმ შემთხევაში კი, თუ ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, ხელახალი კენჭისყრა მეორე ან მესამე დღესაც გამართონ.

თუმცა, პარლამენტში საარჩევნო ცვლილებების მეორე მოსმენას ევროპული საქართველო აღარ დასწრებია, რადგან 8 მარტის შეთანხმება სრულად კვლავ არ შესრულებულა.

რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, პარტიაში ამბობენ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებენ მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

___________

საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების ნაწილია.

შეთანხმება ორნაწილიანია და როგორც არჩევნების პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემით ჩატარებას, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს. ხელისუფლება შეთანხმებაში პოლიტიკური პატიმრების ნაწილს არ აღიარებს და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 15 მაისს უკვე შეიწყალა ორი პოლიტპატიმარი, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება.

კომენტარები