სასამართლო სისტემა

აბესაძე: ოცნების პირობებში გამყარდა სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენები

რუსთავი2

ევროპული საქართველოს დეპუტატი ირაკლი აბესაძე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 48%-ის აზრით, საქართველოში გავრცელებულია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება.

"სამართალდამცავი სისტემისა და მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი სერიოზული პრობლემა იყო ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, თუმცა ეს პრობლემა დღითიდღე უფრო მძიმდება ქართული ოცნების პირობებში". – ამბობს ირაკლი აბესაძე.

დეპუტატი მიუთითებს საერთაშორისო შეფასებებზე იმის შესახებ, "რომ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები" და "რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები დაინიშნენ პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით".

"კიდევ უფრო მეტად გამყარდა სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენები, მათი პოლიტიკური დამორჩილება და აქაც გავიმეორებ – სახელმწიფო ინსტიტუტების: სასამართლოს, პროკურატურისა და პოლიციის მიტაცება ერთი ადამიანისა და ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ". – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ დღეს, 23 ივნისს, გამოაქვეყნა კვლევა სასამართლოსა და პროკურატურაზე.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72% პროცენტი თვლის, რომ პროკურატურა და შსს მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება. სუს-ზე იგივეს 69% ფიქრობს.

47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ე. წ. კლანი არსებობს. ამ აზრს 17% ეწინააღმდეგება, ხოლო 36%-ს პასუხი არ აქვს.

კომენტარები