აშშ

მომიტინგეებმა თეთრი სახლის წინ პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონის ქანდაკების ჩამოგდება სცადეს

AP

22 ივნისს მომიტინგეებმა აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონის ქანდაკების ჩამოგდება სცადეს.

რამდენიმე ადამიანმა ძეგლს თოკები მოაბა და ქანდაკების ჩამოგდება სცადა. პოლიციამ მათ დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა.

აშშ-ს მეშვიდე პრეზიდენტი ცნობილია, როგორც დემოკრატიის აქტიური დამცველი და არისტოკრატიასთან მებრძოლი პოლიტიკოსი.

მომიტინგეთა ნაწილი ამბობს, რომ ჯექსონი უმოწყალოდ ექცეოდა ამერიკელ ინდიელებს და მისი ძეგლი სწორედ ამიტომ უნდა აიღონ. 1980 წელს ჯექსონმა ხელი მოაწერა აქტს, რომლითაც აშშ-ს სამხრეთ ტერიტორიებიდან ინდიელების ტომები იძულებით გადაასახლეს.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხდარს საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა:

"ვაშინგტონში სამარცხვინო ვანდალიზმისთვის მრავალი ადამიანი დააკავეს. ენდრიუ ჯექსონის დიდებული ქანდაკების გარდა, მათ დააზიანეს ქუჩის გადაღმა წმინდა იოანეს ეკლესია. ვეტერანების მემორიალის დაცვის აქტით 10-წლიანი პატიმრობაა განსაზღვრული. ფრთხილად იყავით"! – დაწერა მან.

"ჩვენ ანარქისტებს ქედს არ მოვუხრით. კანონი და წესრიგი გაიმარჯვებს, სამართალი აღსრულდება". – თქვა აშშ-ს შინაგან საქმეთა მინისტრმა, დევიდ ბერნჰარტმა.

გამოსვლები ძეგლების აღების მოთხოვნით აშშ-ში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში მოითხოვდნენ რობერტ ლის ძეგლის მოხსნას, რომელიც სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების გენერალი იყო, თუმცა, მოსამართლემ ძეგლის აღება დაბლოკა. რიჩმონდში მომიტინგეებმა ბირდის პარკში მდგარი ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგ ტბაში ჩააგდეს.

19 ივნისს გამართულ აქციაზე სან-ფრანცისკოს ოქროს კარიბჭის პარკში აშშ-ის პრეზიდენტის, ულისეს გრანტის ბიუსტი ჩამოაგდეს. ჩამოაგდეს ასევე სან-ფრანცისკოში, ოქროს კარიბჭის პარკში აშშ-ის ჰიმნის ტექსტის ავტორის, ფრენსის სკოტ კის ძეგლი.

აშშ-ში იმ სამხედრო ბაზებისათვის სახელების შეცვლასაც ითხოვენ, რომლებსაც კონფედერაციული შტატების გენერლების სახელები ჰქვია. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ამას არც კი განიხილავს.

გარდა ამისა, აიღებენ ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის შესასვლელთან მდებარე თეოდორ რუზველტის ქანდაკებასაც. გადაწყვეტილება მუზეუმის ადმინისტრაციამ 21 ივნისს გამოაცხადა.

კომენტარები