იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობას ტოვებს

ტაბულა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საბჭოს ტოვებს.

დოლიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ის განცხადებით პრეზიდენტს დღეს მიმართავს. 

"მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის"– თქვა დოლიძემ და აღნიშნა, რომ მთელი რესურსით შეუდგება ახალ პარტიაში მუშაობას, "რომ გავაგრძელო ის მისია და ბრძოლა, რომელშიც, სამწუხაროდ, ამ შენობაში მე დავრჩი მარტო". 

ანა დოლიძემ, რომელიც 2018 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, 2020 წლის 21 მაისს დააფუძნა სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის", 18 ივნისს კი, დეპუტატ ლევან კობერიძესთან, ასევე, ალექსანდრე ელისაშვილთან და ლევან იოსელიანთან ერთად, პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.

ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვება 15 ივნისს 7-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოსთხოვა. NGO-ების შეფასებით, დოლიძის ქმედებამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა მოლოდინები მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც იუსტიციის საბჭოში მის თანამდებობასთან შეუთავსებელია.

თავად დოლიძემ NGO-ების პასუხად განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოში საქმიანობის გაგრძელებას აპირებს, ხოლო, "თუ პოლიტიკურ საქმიანობას გადაწყვეტს, იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში გადაწყვეტილებასაც კანონის შესაბამისად მიიღებს".

მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ანა დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება არცერთ სახელმწიფო ორგანოს ან/და თანამდებობის პირს არ აქვს. 

19 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილს დოლიძის განთავისუფლების უფლება არა აქვს და მისგან "ღირსეულ და დროულ გადაწყვეტილებას" ელოდება.

კომენტარები