გოცირიძე: პატივს ვცემთ ყველას გადაწყვეტილებას, ვინც მხარს დაუჭერს საარჩევნო ცვლილებებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, პარტია იმედს იტოვებს, რომ თვის ბოლომდე, სანამ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტის მესამე მოსმენა შედგება, ხელისუფლება შეთანხმებას შეასრულებს და მთავარი არხის მეწილეს, გიორგი რურუას გაათავისუფლებს. 

"ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუჭერდით მხარს ცვლილებებს, თუკი მთლიანად იქნებოდა შესრულებული შეთანხმება, რომლის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა". – ამბობს რომან გოცირიძე. 

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია და ის მხოლოდ ნაწილობრივაა შესრულებული. 

"იმედს ვიტოვებთ, რომ ამ თვის ბოლომდე ხელისუფლება შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, შეასრულების საელჩოების გუშინდელ მოწოდებას, სადაც მთავარი მოთხოვნა ამ შეთანხმების სრულყოფილად შესრულება იყო, ანუ გიორგი რურუას გათავისუფლება". – თქვა დეპუტატმა.  

რომან გოცირიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა პატივს სცემს ყველა ოპოზიციური პარტიისა თუ დამოუკიდებელი დეპუტატების განაწყვეტილებას, მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

"წინ არის მეორე და მესამე მოსმენა და ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს, თუკი შეთანხმება იქნება შესრულებული...

[...] ამ შემთხვევაში კონსტიტუცია იქნება მიღებული საერთო სახალხო კონსენსუსით, მასში მონაწილეობა ექნება მიღებული ყველა პარტიას". – ამბობს რომან გოცირიძე. 

21 ივნისს პარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას გულისხმობს, 30-ის კი – მაჟორიტარული პრინციპით.

ცვლილება 8 მარტის ისტორიული შეთანხმების ნაწილია, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაიდო. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. შეთანხმებაში მოაზრებული სამი პოლიტპატიმრიდან საპატიმროში მხოლოდ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა რჩება.

ევროპული საქართველოს პოზიციაა, რომ პარტია პირველი მოსმენისას კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მხარდაჭერის მიზანია, რომ მესამე მოსმენამდე ხელისუფლებას მიეცეს დრო, გაათავისუფლოს რურუა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მოსმენის დროს პარტია კანონპროექტს მხარს აღარ დაუჭერს.

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტია კანონპროექტისთვის ხმის მიცემას არც პირველი მოსმენისას აპირებს, თუმცა პარტიის ლიდერმა, ნიკა მელიამ 20 ივნისს თქვა, რომ კვლავ დეპუტატი რომ იყოს, არც კი დაფიქრდებოდა, ისე მისცემდა ხმას საკონსტიტუციო ცვლილებებს.

კომენტარები