მშვენიერაძე: ხელისუფლებას უნდა გავაგონოთ - არ შევეგუებით რუსეთს, ჩვენი მომავალი ევროპაშია

ტაბულა

"ჩვენ გვაერთიანებს საერთო იდეალები - თავისუფლება და დემოკრატია" - თქვა რუსთაველის გამზირზე, "გავრილოვის ღამის" წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაზე საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ. მისი შეფასებით, სამოქალაქო საზოგადოების ვალია, "ხელისუფლებას კიდევ ერთხელ კარგად გავაგონოთ - ჩვენ არ შევეგუებით რუსულ მომავალს, რადგან ჩვენი მომავალი ევროპაშია, ჩვენ არ ვართ ცოტანი, ჩვენ ვართ ბევრნი, ძალა ერთობაშია".

გიორგი მშვენიერაძის თქმით, ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაუმტკიცა ოკუპანტ რუსეთს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება თავისუფლებაა. მან აღნიშნა, რომ "მონა ვერასდროს იქნება ბედნიერი, რადგან ბედნიერება არის თავისუფლებაში" და "ჩვენ შეგვიძლია, სიცოცხლე გავწიროთ თავისუფლებისთვის".

"დავიღალეთ იმით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მონარქია მყარდება, სადაც ერთი პირის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ყველაფერი - რა მოხდება და რა არ მოხდება... სადაც პოლიცია პოლიტიკურ იარაღად იქცა ხელისუფლების ხელში, სადაც მოსამართლეების მანტიას კრიმინალები იცვამენ, სადაც უწყინარი წარწერის გაკეთება სამშენებლო ღობეზე მძიმე დანაშაულია, ხოლო პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება ჩვეულებრივ ამბად იქცა, ჩვენ დავიღალეთ, აღარ გვინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, ჩვენი ვალია, წინ აღვუდგეთ ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას" - განაცხადა მშვენიერაძემ სიტყვით გამოსვლისას.

2019 წლის 20 ივნისს ხელისუფლებამ მშვიდობიანი ანტისაოკუპაციო, ანტირუსული აქცია სპეცრაზმის გამოყენებით – წყლის ჭავლით, რეზინის და ე. წ. დათვის, წითელი რაკეტისებრი ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალა. დაშავდა ათობით ადამიანი, მათგან 38 ჟურნალისტი. ორმა მოქალაქემ თვალიც დაკარგა. თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრანტები სახელმწფო გადატრიალებას გეგმავდნენ. 20 ივნისის აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ჩაჯდა.

ყველაფერი 20 ივნისის მოვლენების შესახებ, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები