იუსტციის უმაღლესი საბჭო

ალეკო ელისაშვილი: ანა დოლიძე კანონს არ არღვევს

რუსთავი 2

ალეკო ელისაშვილის თქმით, ანა დოლიძე პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრობით კანონს არ არღვევს.

ალეკო ელისაშვილმა, ანა დოლიძემ და ლევან კობერიძემ დღეს, 18 ივნისს, პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს და შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

"[ანა დოლიძე] არ არღვევს კანონს. მე პირადად დღემდე ვარ სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი, ჩვენი პარტიის რეგისტრაცია არ დასრულებულა და სანამ რეგისტრაცია არ დასრულდება პარტია არ გვაქვს. თვითონ ანას აქვს სამოქალაქო ორგანიზაცია და ლევან კობერიძეა პარლამენტის წევრი", - ამბობს ელისაშვილი.

დოლიძის კანონდარღვევაზე მიუთითებს იუსტიციის საბჭოს მეორე არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. ამის საპასუხოდ, ანა დოლიძემ ის დღეს საბჭოს მოსამართლე წევრებს - მიქაუტაძესა და გვრიტიშვილს შეადარა, რომლებმაც ის ასევე დაადანაშაულეს კანონდარღვევაში.

ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ ნაზი ჯანეზაშვილისა და ე.წ. კლანის წევრების განცხადებები უბრალოდ დაემთხვა.

"ანა დოლიძემ ფული მოიპარა იქ [იუსტიციის საბჭოში], ვინმე დაარბია თუ საქმეს არ აკეთებდა. რა ჯობია, ანა დოლიძე იქ რომ იყოს თუ იქ რომ არ იყოს? რას აკეთებდა? ჩხუბობდა და ნერვებს იშლიდა და გვაჩვენებდა, როგორი მახინჯია სასამართლო სისტემა", - ამბობს ელისაშვილი.

ანა დოლიძემ, რომელიც 2018 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია, 2020 წლის 21 მაისს დააფუძნა სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის". მას საბჭოს დატოვება 15 ივნისს 7-მა არასამთავრობო ორგანიზაციამაც მოსთხოვა.

NGO-ების შეფასებით, დოლიძის ქმედებამ საზოგადოების ნაწილში გააჩინა მოლოდინები მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც იუსტიციის საბჭოში მის თანამდებობასთან შეუთავსებელია.

"ამიტომ, თუ ის უახლოეს მომავალში პოლიტიკურ საქმიანობას აპირებს, მოვუწოდებთ, თავად და დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ", - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.

თუმცა თავად დოლიძემ NGO-ების პასუხად განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭოში საქმიანობის გაგრძელებას აპირებს, ხოლო "თუ პოლიტიკურ საქმიანობას გადაწყვეტს, იუსტიციის საბჭოსთან მიმართებაში გადაწყვეტილებასაც კანონის შესაბამისად მიიღებს".

დოლიძე კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. უცნობია, დატოვებს თუ არა მას.

ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ანა დოლიძის თანამდებობიდან გადაყენების უფლებამოსილება არცერთ სახელმწიფო ორგანოს ან/და თანამდებობის პირს არ აქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება.

კომენტარები