აშშ-ის სანქციები ჩინეთს

ტრამპმა უიღურების უფლებების დარღვევის გამო ჩინეთის სანქციების კანონს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპი / სი ძინპინი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა უიღურების უფლებების დარღვევის გამო ჩინეთისათვის სანქციების დაწესების კანონს.

კანონი გასული წლის დეკემბერში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, კონკრეტულად კი მუსლიმი უიღურების დაკავების, წამებისა და უფლებების დარღვევის გამო მიიღო. კანონს მხარი დაუჭირა 407-მა კანონმდებელმა, წინააღმდეგი იყო მხოლოდ ერთი. ამის შემდეგ კანონს მხარი დაუჭირა სენატმაც.

მან ასევე განმარტა, რომ კანონმა, შესაძლოა, შეზღუდოს მისი კონსტიტუციური უფლებები დიპლომატიის კუთხით და ამიტომ ზოგიერთ მოთხოვნას რჩევად მიიღებს და არა ვალდებულებად.

ჩინეთში კანონის ხელმოწერა გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ამას პასუხს გასცემენ:

"აშშ იწვნევს ამის შედეგებს", - განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

პარალელურად კი გამოიცა უშიშროების დარგში ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის წიგნი, რომელშიც ის წერს, რომ ტრამპმა არჩევნებში გამარჯვებაში დახმარება სთხოვა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს და ასევე თქვა, რომ მან უნდა გააგრძელოს სინძიანში ბანაკების მშენებლობა. თეთრ სახლში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ტრამპის მიერ ხელმოწერილ კანონში აღწერილია ჩინეთის ქმედებები სინძიანში უმცირესობების მიმართ, მათ შორის მასობრივი დაკავებები, გასამართლების გარეშე დაპატიმრება, დნმ-ის ნიმუშების შეგროვება, თვალთვალი და ამისათვის ხმის და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება, არაადამიანური მოპყრობა, სიტყვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ.

გასულ წელს გავრცელდა დოკუმენტები, რომლებშიც აღწერილია ჩინეთის სინძიანის პროვინციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაკავების ბანაკებში არსებული სიტუაცია. დოკუმენტები მოიპოვა საგამოძიებო ჟურნლისტიკის საერთაშორისო კონსორციუმმა. იქ აღწერილია, როგორ ხდება დაკავება, ინდოქტრინაცია და დასჯა ბანაკებში. მილიონამდე ადამიანი სასამართლო პროცესის გარეშეა დაკავებული.

დოკუმენტები შეიცავს 9-გვერდიან მემორანდუმს, რომელიც 2017 წელს სინძიანის კომუნისტური პარტიის მდივნის მოადგილემ გაუგზავნა რეგიონის უშიშროების ძალების წარმომადგენლებს, მათ, ვინც ბანაკებს მართავს. ინსტრუქციებში ნათქვამია, რომ ბანაკები უნდა მართონ ისევე, როგორც დაცული ციხეები, მკაცრი დისციპლინით და დასჯის მეთოდებით, რათა გაქცევა ვერავინ მოახერხოს.

დოკუმენტებიდან ასევე ჩანს, რომ 2017 წელს მხოლოდ ერთ კვირაში 15,000 ადამიანი დააკავეს და ბანაკებში გადაიყვანეს. გარდა ამისა, 1.8 ადამიანი დაკვირვების ქვეშ მხოლოდ იმის გამო მოათავსეს, რომ ტელეფონებში მონაცემთა გაზიარების აპლიკაცია Zapya ჰქონდათ. ამის შემდეგ მთავრობამ 40,000-ზე მეტი ადამიანის შესახებ გამოძიება მოითხოვა, რათა მათ მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობდა ბრძანება, რომ ისინი ბანაკებში გადაეყვანათ.

გაიცა უიღურების დაკავების ბრძანება, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ და, ასევე, მონიტორინგი დაუწესეს საზღვარგარეთ მცხოვრებ უიღურებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩინეთის ამ საქმიანობაში მათი საელჩოებიც არიან ჩართული.

მანამდე New York Times-მა მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინს რეგიონში მიმდინარე რეპრესიებთან აკავშირებს. დოკუმენტებში ჩანს, როგორ ხდება სინძიანში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი დაკავება და მათი ახლობლების დაშინება.

ჩინეთი თავდაპირველად მსგავსი ცენტრების არსებობას უარყოფდა, თუმცა შემდეგ თქვეს, რომ ეს გადასამზადებელი ცენტრებია. New York Times-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები კი აჩვენებს, რომ მუსლიმების მასობრივი დაკავების ბრძანებას ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენლები გასცემენ. ის ასევე მოიცავს სი ძინპინის მანამდე გამოუქვეყნებელ გამოსვლებს, რომლებშიც ის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს "ტერორისტების" და "სეპარატისტების" წინააღმდეგ დაუნდობლად მოქმედებისაკენ.

მისი ეს გამოსვლა 2014 წელს, სინძიანის ცენტრალურ ქალაქში ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ შედგა.

დოკუმენტების მიხედვით რეპრესიებში მოჰყვნენ მმართველი კომუნისტური პარტიის ის წევრებიც, რომლებიც მთავრობის კამპანიას არ ეთანხმებოდნენ და დაკავებული უიღურების გათავისუფლებას ცდილობდნენ.

New York Times-ის მიხედვით დოკუმენტები მათ გადასცა ჩინეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელმა, რომელსაც არ სურს, რომ სი და კომუნისტური პარტიის სხვა მაღალჩინოსნები დაუსჯელები დარჩნენ.

უიღურები ჩინეთის სინძიანის ავტონომიურ რეგიონში მოსახლეობის 45%-ს შეადგენენ. ეთნიკურად ისინი ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან და ძირითადად მუსლიმები არიან.

გასულ წელს ჩინეთმა კანონმდებლობა შეცვალა, რაც რეგიონულ მთავრობას ოფიციალურად აძლევს საშუალებას, გამოიყენოს "საგანამანათლებლო და საწვრთნელი ცენტრები" "ექსტრემისტული გავლენების" ქვეშ მყოფ პირთა გამოსასწორებლად. საკანონმდებლო შესწორების მიხედვით ცენტრებში უნდა ისწვლებოდეს მანდარინი და ხელობის სწავლის გარდა "იდეოლოგიური განათლება, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ქცევის გამოსწორებაც" უნდა ხდებოდეს.

ჩინეთის ოფიციალური პირები საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამოსასწორებელი ცენტრებია კრიმინალებისათვის.

ისინი, ვინც ამ ცენტრებს თავი დააღწია, ყვებიან, რომ მათ ისლამის უარყოფას და კომუნისტური პარტიისათვის ერთგულების პირობის დადებას აიძულებდნენ და მათ პოლიტიკურ ინდოქტრინაციას ეწეოდნენ. ისინი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე საუბრობენ. მათი თქმით, დაკავებულთა მცირეწლოვან შვილებს მშობლებს აშორებენ და ბავშვთა სახლებში გადაჰყავთ.

აშშ-მა ჩინეთის სინძიანის პროვინციაში უიღურების უფლებების დარღვევაში მონაწილეობის გამო 28 ჩინურ ორგანიზაციას სანქციები უკვე დაუწესა.

კომენტარები