გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა

პესკოვი: ქართველი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებები აბსურდულია

დმიტრი პესკოვი
TASS

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესახებ გაკეთებულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა. პესკოვის სიტყვებს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TACC-ი ავრცელებს. 

"მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, თავიდანვე ამ საქმესთან დაკავშირებით გვესმოდა ბრალდებები, ლამის რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებასთან მიმართებაში და თავიდანვე ჩვენ ვამბობდით, რომ ამ შემთხვევაში ნებისმიერი ბრალდებები აბსრუდულია და არ შეესაბამება სინამდვილეს". – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. 

ამავდროულად, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა უარი თქვა ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის განცხადების კომენტირებაზე. 

2019 წლის ივლისში  რუსთავი 2-ის მაშინდელმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. 

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს". 

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. 

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. 

კომენტარები