ჩრდილოეთ კორეა: სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ქოფაკი ძაღლივით იქცევა

CNN

ჩრდილოეთ კორეამ მათ ტერიტორიაზე მდებარე სამხრეთ კორეის სამოკავშირეო ოფისის აფეთქებაზე კომენტარი გააკეთა. სახელმწიფო მედიაში თქვეს, რომ სამხრეთ კორეა 2018 წლის შეთანხმებას არღვევს და მათი თავდაცვის სამინისტრო "ქოფაკი ძაღლივით" იქცევა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო-ჯონგმა თქვა, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა "თავი აშშ-ის ლაქიობის ყულფში გაყო".

"მიზეზი, რატომაც ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მიღწეულ შესანიშნავ შეთანხმებას ერთი ნაბიჯიც არ მოჰყოლია არის ლაქიობის ის ყულფი, რომელშიც მან თავი გაყო. მანამ, სანამ შეთანხმებაზე მელანი შეშრებოდა, მან მბრძანებლის ზეწოლით "სამხრეთ კორეის სამუშაო ჯგუფი" მიიღო". – ნათქვამია კიმ იო-ჯონგის განცხადებაში.

სამხრეთ კორეაში ჩრდილოეთ კორეის ქმედება დაგმეს და თქვეს, რომ მიუხედავად ამისა, კვლავ ღია არიან დიალოგისათვის.

სამოკავშირეო ოფისი 16 ივნისს ააფეთქეს. აფეთქებას წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის მუქარა, რომ სამხრეთ კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში ჯარს გაგზავნიდა. კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო-ჯონგმა თქვა, რომ არმიას უკვე მისცა ბრძანება დემილიტარიზებულ ზონაში შესაძლო განთავსების მზადყოფნისათვის.

ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის სამეკავშირეო ოფისი 2018 წელს დაარსდა, რაც ორ კორეას შორის დაძაბულობის შემცირების ნაწილს წარმოადგენდა. 

ოფისში ორივე მხრიდან ათეულობით ოფიციალური პირი მუშაობდა. ახალი კორონავირუსის გამო იანვარში ოფისი დაკეტეს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მიზეზი ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთიდან გაგზავნილი პროკლამაციებია. ბუშტებზე მიბმულ ბროშურებსა და მეხსიერების ბარათებს, რომლებიც სამხრეთ კორეულ ფილმებსა და ახალ ამბებს შეიცავს, ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულ პირთა ჯგუფები საზღვარზე უშვებენ. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის საზღვართან მცხოვრებ ადამიანებს.

სამხრეთ კორეაში მუქარის საპასუხოდ თქვეს, რომ აშშ-სთან ერთად აკვირდებიან ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალების გადაადგილებას.

მიმდინარე თვის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეაში განაცხადეს, რომ სამხრეთ კორეასთან ყველანაირ კომუნიკაციას წყვეტენ, მათ შორის გაითიშა ცხელი ხაზი, რომლითაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და სამხედრო კომუნიკაციის არხები.

კომენტარები