OXFORD: დექსამეტაზონი Covid-19-ით მწვავედ დაავადებულთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს ამცირებს

Oxford-ის კვლევით, იაფი და ხელმისაწვდომი წამალი დექსამეტაზონი ახალი კორონავირუსით მწვავედ დაავადებული პაციენტების ნაწილს სიცოცხლის შენარჩუნებაში ეხმარება.

წამალი მსოფლიოს საცდელ წამლებს შორის ერთერთია, რომელსაც იმის გასარკვევად ცდიან, არის თუ არა რომელიმე მათგანი ეფექტური კორონავირუსის წინააღმდეგ. 

კვლევის მიხედვით, დექსამეტაზონმა ხელოვნურ სასუნთქ აპარატზე მყოფი პირების გარდაცვალების რისკი 1/3-ით, ხოლო ჟანგბადზე მყოფი პირების 1/5-ით შეამცირა.

მკვლევრები აცხადებენ, რომ დიდ ბრიტანეთში წამალი პანდემიის დაწყებისთანავე რომ გამოეყენებინათ, სავარაუდოდ, 5 000-მდე სიცოცხლე გადარჩებოდა.

20-დან დაახლოებით 19 პაციენტი ახალი კორონავირუსისგან ისე გამოჯანმრთელდება, რომ მათი ჰოსპიტალიზაცია არ გახდება საჭირო. ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა უმეტესობა გამოჯანმრთელდება, თუმცა, ნაწილს, შესაძლოა ხელოვნური სუნთქვა, ან ჟანგბადზე შეერთება დასჭირდეს. როგორც ჩანს, სწორედ ამ მაღალი რისკის პაციენტებს შველის დექსამეტაზონი. 

წამალს სხვადასხვა ანთების სამკურნალოდ იყენებენ. როგორც ირკვევა, წამალი ზოგიერთ იმ დაზიანებას შველის, რაც შესაძლოა, მოხდეს კორონავირუსთან ბრძოლაში სხეულის ზედმეტი გადატვირთვის შედეგად.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ცდაში დაახლოებით 2 000 პაციენტი იღებდა მონაწილეობას. ამ პაციენტებს დექსამეტაზონი მისცეს და ისინი შეადარეს სხვა 4 000 პაციენტს, რომელთაც დექსამეტაზონი არ მიუღიათ.

სასუნთქ აპარატზე მყოფი პაციენტების გარდაცვალების რისკი 40%-დან 28%-მდე შემცირდა. იმ პაციენტთა სიკვდილის მაჩვენებელი კი, რომლებსაც ჟანგბადი ესაჭიროებოდათ, 25%-დან 20%-მდე.

მთავარი მკვლევარი, პროფესორი პიტერ ჰორბი ამბობს, რომ ამ დროისთვის დექსამეტაზონი ერთადერთი წამალია, რომლის გამოყენებაც სიკვდილიანობის შემცირებას აჩვენებს – "და მნიშვნელოვნად ამცირებს. ეს მნიშვნელოვანი გარღვევაა".

წამყვანმა მკვლევარმა, პროფესორმა მარტინ ლანდრეიმ განაცხადა, რომ კვლევის მიგნებით, ამგვარი მკურნალობით სასუნთქ აპარატზე მყოფი ყოველი 8 პაციენტიდან – ერთი და ჟანგბადზე შეერთებული დაახლოებით 25 პაციენტიდან – ერთი გარდაცვალების თავიდან არიდება შეიძლება.

მისი თქმით, წამლით მკურნალობა 10 დღემდე გრძელდება და ერთ პაციენტისთვის მისი ღირებულება 5 ფუნტამდე ჯდება.

დექსამეტაზონი არ შველის ახალი კორონავირუსით დაავადებულ არამწვავე სიმპტომების მქონე პირებს, რომლებსაც სუნთქვის პრობლემა არ აქვთ.

კომენტარები