გიორგი გაბუნიას მკვლელობის შეკვეთა

გაბუნია: არ მიკვირს, დიდი დრო რომ სჭირდება ხელისუფლებას იმისათვის, რომ მოიფიქრონ რა თქვან

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას მისი მკვლელობის შეკვეთის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ იგი ხელისუფლების მხირდან განცხადების გაკეთებას ელის. გაბუნიას თქმით, მისთვის გასაკვირი არაა, რომ ხელისუფლებას მომდარ ფაქტზე გამოხმაურებისთვის ბევრი დრო სჭირდება.

როგორც გაბუნია მთავარ არხთან საუბარში განმარტავს, მმართველმა გუნდმა მომხდარზე პრაგმატული ნაბიჯები უნდა გადადგას, რადგან ვიღაცისთვის არმოსაწონი სიტყვების გამო, ქვეყანაში ქილერები არ იგზავნებოდეს.

"საფრთხე რეალურია, საფრთხე რჩება და ახლა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, როგორც მინიმუმ, განცხადებას ველოდები კიდევ ერთხელ, თუ რას იტყვიან, როგორია მათი პოზიცია. ამჯერად არ მიკვირს, რომ ბევრად უფრო მეტი დრო სჭირდებათ იმისათვის, რომ მოიფიქრონ, რა თქვან, მაგრამ, როგორც მინიმუმ, პირველი ეს ნაბიჯი ვნახოთ, როგორი იქნება, როდესღაც მოუწევთ რამის თქმა. შემდეგ პრაქტიკულ ნაბიჯებს როგორც გადადგამენ იმისთვის, რომ ასეთი რამე საქართველოში არ ხდებოდეს, რომ ვიღაცას რაღაც არ მოეწონება, სიტყვაზეა უბრალოდ საუბარი, ვიღაცას ჩემი ნათქვამი არ მოეწონა და ქილერი გამომიგზავნეს, რა უნდა უქნან მაშინ იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება უფრო ქმედითად გამოხატონ თავიანთი პროტესტი, თუნდაც, ვთქვათ, 20 ივნისის აქციის მონაწილეებს...". – ამბობს გიორგი გაბუნია.

2019 წლის ივლისში მაშინდელი რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. 

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაბუნიას მოკვლას გეგმავდა.

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. 

კომენტარები