თომას ჯეფერსონის ძეგლი

პორტლენდში თომას ჯეფერსონის ძეგლი ჩამოაგდეს

cbsnews.com

ორეგონის შტატში, პორტლენდში, მომიტინგეებმა თომას ჯეფერსონის ძეგლი ჩამოაგდეს. ძეგლი ჯეფერსონის სახელობის სკოლის ეზოში მდებარეობდა. შემთხვევა გუშინ, 14 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. 

ჯეფერსონის ძეგლი ერთერთია, რომელსაც ამერიკასა და სხვა ქვეყნებში არსებული პროტესტის მიმდინარეობისას ვანდალურად მოექცნენ, დააზიანეს, ან ჩამოაგდეს. 

დემონსტრატებმა სამიზნეში ამოიღეს სხვადასხვა ლიდერის, მოღვაწისა და მონებით მოვაჭრის ძეგლები. 

ჯეფერსონის ქანდაკება მესამეა, რომელიც ამ კვირის განმავლობაში ორეგონის შტატში დააზიანეს. ორეგონის უნივერსიტეტში მდებარე ქანდაკებები – პიონერი კაცი და პიონერი დედა მომიტინგეებმა შაბათს საღამოს ჩამოაგდეს.

აშშ-ში გამოსვლები ძეგლების აღების მოთხოვნით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ შავკანიანი კაცის მკვლელობას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში მოითხოვდნენ რობერტ ლის ძეგლის მოხსნას, რომელიც სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების გენერალი იყო, თუმცა მოსამართლემ ძეგლის აღება დაბლოკა. რიჩმონდში მომიტინგეებმა ბირდის პარკში მდგარი ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს, ცეცხლი წაუკიდეს და შემდეგ ტბაში ჩააგდეს.

აშშ-ში ასევე ითხოვენ სახელების შეცვლას იმ სამხედრო ბაზებისათვის, რომლებსაც კონფედერაციული შტატების გენერლების სახელები ჰქვია. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია ამას არც კი განიხილავს.

ძეგლების აღების მოთხოვნით ევროპის ქვეყნებშიც გამოვიდნენ. დიდ ბრიტანეთში ჩამოაგდეს ედვარდ კოლსტონის ძეგლი. ოქსფორდის უნივერსიტეტში კი სესილ როდსის ძეგლის აღებას ითხოვენ. პარლამენტის მოედანზე მდგარი ჩერჩილის ძეგლს დამცავი ბარიერი გაუკეთეს, რადგან აქციის მონაწილეებმა მას დააწერეს: "ის რასისტი იყო". ქალაქ ლესტერში მაჰათმა განდის ძეგლის აღებას ითხოვენ.

კომენტარები