კორონავირუსი საქართველოში

გოფოძე: რესპუბლიკურში 26 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 11 მედპერსონალია

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ცნობით, ორივე სამედიცინო პერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დღეს, 15 ივნისს დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 11 მედპერსონალია. 

"5 ახალი პაციენტი დაგვემატა, აქედან 3 ცხელების ცენტრიდანაა, 2 კი – მედდა. 1 პაციენტი განსაკუთრებით მძიმე გვყავს, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუთქვაზეა. ასევე გვყავს 2 განსაკუთრებით საყურადღებო პაციენტი, მათ პნევმონია აქვთ დადასტურებული სხვადასხვა ხარისხის და ისინიც არიან რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მართვითი სუნთქვა არ სჭირდებათ, მხოლოდ ჟანგბადი მიეწოდებათ წნევის პირობებში". – ამბობს გოფოძე. 

რაც შეეხება ინფიცირებულ მედპერსონალს, გოფოძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"ჯამში, 11 მედპერსონალია. ისინი ერთი კლასტერიდან არიან. სამი ახალი პაციენტის კლასტერის მოძიება მიმდინარეობს. როგორც ვიცი, მათი კონტაქტები მეტნაკლებად ცნობილია. მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ 1 პაციენტი საჭიროებს მეტ ყურადღებას იმიტომ, რომ იქაც პნევმონიაა და ეს პაციენტიც გადავა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში". – ამბობს გოფოძე. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 879-ია. მათგან 704 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 14 პაციენტი.

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსის 161 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები