კორონავირუსი საქართველოში

ლალი ტურძელაძე: გარდაცვლილ პაციენტს სასუნთქი სისტემის დაავადებები ჰქონდა

ტვ. პირველი

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, მამაკაცს სასუნთქი სისტემის დაავადებები ჰქონდა, კორონავირუსმა კი მისი მდგომარეობა დაამძიმა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"შემოვიდა სეფსისის ცენტრიდან, უმძიმეს მდგომარეობაში, რესპირატორული დისტრესით, ორმხირივი მწვავე პნევმონიით, ფილტვის ქსოვილი თითქმის აღარ მუშაობდა. ჩვენ გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, დაავადებები ჰქონდა პაციენტს სასუნთქი სისტემის მხრივ და შემდეგ კოვიდმა დაამძიმა, ძალიან მძიმე ტიპის ვირუსი იყო ალბათ. ეროვნული ბანკის საცავიდან არის ეს კაცი, იქიდან მოსული ყველა მძიმე პაციენტი იყო, მაგრამ ყველა როგორღაც გამოვაძვრინეთ, მაგრამ ეს [გარდაცვლილი პაციენტი] ორჯერ ცოტა უკეთესად გახდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შევძელით", - თქვა ტურძელაძემ.

პაციენტი გუშინ, 13 ივნისს გარდაიცვალა. ის 68 წლის კაცი იყო და ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერს ეკუთვნოდა. ახალ კორონავირუსს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, სადაც 4 აპრილს შეიყვანეს.

14 ივნისის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 864 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 703 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია - 14.

კარანტინის რეჟიმში 2795 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252.

კომენტარები