კორონავირუსი საქართველოში

რესპუბლიკურის დირექტორი: სამივე ახალი ინფიცირებული მედპერსონალია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, კორონავირუსით სამივე ახალი ინფიცირებული პირი მედპერსონალის წარმომადგენელია. სამ ადამიანს COVID 19 ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა.

"ჩვენთან სამედიცინო პერსონალიდან ოთხს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, გუშინ იყო პირველი შემთხვევა და დღეს კიდევ სამი დაემატა. რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში კლინიკამ - ჩვენ მუდმივად ვატარებდით გეგმურად მთელი პერსონალის PCR ტესტირებას, ახალი დამთავრებული გვქონდა, სრულად გვყავდა გატესტილი ყველა და პასუხები ნეგატიური იყო, ახლა კი თავიდან დავიწყეთ და გავტესტავთ მედპერსონალს იმისათვის, რომ გავრცელება თავიდან ავიცილოთ.” - ამბობს გოფოძე.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, "წყაროს დასახელება ძალიან ძნელია. პირველი, ვისაც დაუდასტურდა, ეს იყო კორიდორის დამლაგებელი და მას პაციენტებთან უშუალო შეხება არ ჰქონია, მაგრამ საიდან მოვიდა, ამის ძებნა ძალიან გვიჭირს".

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 831 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 694 გამოჯანმრთელდა, 13 პაციენტი კი გარდაიცვალა.  

კარანტინის რეჟიმში 3 213 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 303.

კომენტარები