კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ის, რომ გამოცდაზე პირბადით უნდა იყოს ყველა, დღევანდელ მტკიცებულებებს ეყრდნობა

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატზე საუბრობს. მისი თქმით, გამოცდებზე კონდიცირების სისტემის გამორთვა აუცილებელია და ეს რეგულაციები საერთაშორისო კვლევებს ეყრდნობა. 

„კონდიცირების სისტემა გამოცდებზე უნდა იყოს გათიშული. ის, რომ პირბადით უნდა იყოს ყველა, ესეც დღევანდელ მტკიცებულებებს ეყრდნობა. განსაკუთრებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და რამდენიმე ქვეყნის მიერ გაცემულ ბოლო რეკომენდაციებს". - ამბობს გამყრელიძე. 

გუშინ, 10 ივნისს, გამყრელიძემ ისიც განმარტა, რომ გამოცდის მიმდინარეობისას პირბადე აბიტურიენტებზე უარყოფითად არ იმოქმედებს.  

"მინდა, დავამშვიდო ყველა აბიტურიენტი, რომ პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს, არც მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არც მათ მენტალურ შესაძლებლობებზე, მხედველობაში მაქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები გამოცდის ჩაბარების პროცესში". - თქვა გამყრელიძემ. 

განათლების სამინისტროს ცნობით, ერთიან ეროვნულ/სამაგისტრო გამოცდებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან. ამასთან, გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერი გამორთული იქნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდები 1 აგვისტოდან დაიწყება.

კომენტარები