რუსეთი

რუსეთში იეჰოვას მოწმეს ექსტრემიზმის ბრალდებით 6 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

JW

რუსეთში, ფსკოვის საქალაქო სასამართლომ იეჰოვას კიდევ ერთ მოწმეს, 61 წლის გენადი შპაკოვსკის, ექსტრემიზმის ბრალდებით 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. 

მას ბრალად ედება აკრძალული ექსტრემისტული ორგანიზაციის აქტივობების ორგანიზება.  

ნიუ-იორკში იეჰოვას მოწმეების რელიგიურ ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ რუსეთში იეჰოვას მოწმისთვის ეს ყველაზე გრძელვადიანი და ყველაზე მკაცრი განაჩენი არის.

დაპატიმრებულის ადვოკატის განცხადებით, ის ბრალს არ აღიარებს და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

შაპკოვსკის ბრალი თავდაპირველად 2019 წლის მარტში წარუდგინეს, მოგვიანებით კი ბრალი ექსტრემისტული აქტივობების დაფინასების ბრალდებით დაუმძიმეს.

იეჰოვას მოწმეები აცხადებენ, რომ რუსეთში ამჟამად 30 იეჰოვას მოწმეა დაპატიმრებული, ხოლო რელიგიური ორგანიზაციის 300-ზე მეტ პირზე გამოძიება მიმდინარეობს. 

2017 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ რელიგიური ორგანიზაცია ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო და რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს ქადაგება აუკრძალა. 

მინისტრმა რუსეთის უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა, რომ დაეხურათ რელიგიური ორგანიზაციის სათაო ოფისი და 175 000 წევრისთვის აეკრძალათ "ექსტრემისტული" ლიტერატურის გავრცელება.

გასული წლის მარტში იეჰოვას მოწმეების თქმით რუსეთში, ქალაქ სურგუტში საგამოძიებო კომისიის ოფისში დაკითხვისას ისინი გააშიშვლეს, სცემეს და ელექტროშოკით აწამეს.

რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა აკრძალვასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არის რელიგიური დევნა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც უბრალოდ, საკუთარ რწმენას გამოხატავს. 

რელიგიური ორგანიზაცია რუსეთში 1991 წელს დარეგისტრირდა. საბჭოთა კავშირის დროს ათასობით იეჰოვას მოწმე გადაასახლეს ციმბირში. იმ დროისათვის, სხვა ქრისტიანული ჯგუფებიც იდევნებოდნენ.

კომენტარები