ტაივანი - ჩინეთი

ტაივანმა ჩინეთის თვითმფრინავებს, რომლებიც კუნძულს მიუახლოვდა, უკან გაფრენისკენ მოუწოდა

Su-30

ტაივანის საჰაერო ძალებმა რამდენიმე ჩინურ საბრძოლო თვითმფრინავს, რომლებიც 9 ივნისს ტაივანის სამხრეთ-დასავლეთით საჰაერო თავდაცვით ზონაში შეიჭრნენ, უკან გაფრენისკენ მოუწოდა.

ტაივანმა ჩინეთის SU-30 მოდელის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის სიტყვიერი გაფრთხილება გამოსცა, რათა ადგილი დაეტოვებინათ.

სამინისტროს განცხადებით, ტაივანის საჰაერო ძალებმა დაუპატიჟებელი სტუმრები "შეაჩერეს".

ტაივანი აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთმა სამხედრო აქტივობები გააძლიერა. 

ჩინეთის თქმით, მსგავსი ვარჯიშები იშვიათი არ არის.

ჩინეთი ტაივანს მის ნაწილად მიიჩნევს. 29 მაისს ჩინეთის ერთერთმა მაღალჩინოსანმა განაცხდა, რომ ჩინეთი ტაივანს დაარტყამს იმ შემთხვევაში თუ მისი დამოუკიდებლობის შესაჩერებლად სხვა გზა არ იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიახლე არ არის, ჩინეთის წამყვანი სამხედრო პირისგან მსგავსი საჯარო განცხადება იშვიათია. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ჩინეთი ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრის.

ტაივანის მთავრობა ჩინეთის განცხადებას გმობს და აცხადებს, რომ ომის მუქარა საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევაა. ტაივანი ამბობს, რომ ის ჩინეთის სახალო რესპუბლიკის ნაწილი არასდროს ყოფილა. 

ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები იანვარში გაიმართა, სადაც ცაი ინგ-ვენმა ხელახლა გაიმარჯვა, რომელიც პროპეკინელ კანდიდატს დაუპირისპირდა. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ჩინეთი ტაივანელი ხალხის დასაშინებლად ტაივანის სრუტეში საბრძოლო ხომალდებით კუნთებს ათამაშებდა.

ტაივანის არჩევნებზე ჰონგ-კონგის აქციებმა გავლენა მოახდინა, სადაც პეკინის წინააღმდეგ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ მილიონობით მომიტინგეს წელიწდზე მეტია ძალადობრივად არბევენ. პეკინი კი ტაივანს უკვე წლებია ჰონგ-კონგში 1997 წლიდან არსებული "ერთი ქვეყანა, ორი სისტემით" ჩინეთთან გაერთიანებას სთავაზობს. ამ მოდელის არაეფექტურობა 2019 წლის ჰონგ-კონგის აქციებზე ყველაზე უკეთ გამოჩნდა. ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონების მიღებით კი ფაქტობრივად ქალაქის ავტონომია დასრულდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკვე გამოაცხადა, რომ ჰონგ-კონგი ავტონომია აღარ არის.

ინ-ვენმა ინაუგურაციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ტაივანი ამ სისტემას არ მიიღებს. ის აცხადებს, რომ ტაივანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას ოფიციალური სახელით, ჩინეთის რესპუბლიკად მოიხსენიებს. 

ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური პეკინისთვის წითელი ხაზია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2005 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმად ძალას გამოიყენებენ თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ინ-ვენი გახდა პრეზიდენტი, ჩინეთის დიპლომატიური წნეხის შედეგად, ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს.

ამავდროულად, მაისში აშშ-ის მთავრობამ კონგრესს ტაივანისთვის 180 მლნ აშშ დოლარის ღირებულების წყალქვეშა იარაღების, 18 MK-48 Mod 6 ტიპის ტორპედოების, მიყიდვაზე შეატყობინა. შეერთებული შტატებს, სხვა უმეტესი ქვეყნის მსგავსად, ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, თუმცა აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას და მისი სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

კომენტარები