ტაივანი - ჩინეთი

ჩინეთი: ტაივანის დამოუკიდებლობის შესაჩერებლად ძალის გამოყენებას არ გამოვრიცხავთ

პეკინი, თიენანმენის მოედანი.
CNN

ჩინეთის ერთერთმა მაღალჩინოსანმა განაცხდა, რომ ჩინეთი ტაივანს დაარტყამს იმ შემთხვევაში თუ მისი დამოუკიდებლობის შესაჩერებლად სხვა გზა არ იქნება.

ჩინეთი ტაივანს მის ერთერთ პროვინციად მიიჩნევს. ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელსაც საერთაშორისოდ მხოლოდ 15 ქვეყანა აღიარებს.

ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს და ერთობლივი შტაბის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლი წოუჩენგმა, ჩინეთის პარლამენტში საუბრისას განაცხადა, რომ ტაივანზე ჩინეთი ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს.

"თუ მშვიდობიანად გაერთიანების შესაძლებლობა აღარ იქნება, სახალხო არმიის ძალები, მთელ ქვეყანასთან ერთად, მათ შორის ტაივანელ ხალხთან ერთად, ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, რათა ნებისმიერი სეპარატისტული განზრახვა ან ქმედებები აღმოფხვრას. ჩვენ პირობას არ ვდებთ, რომ ძალის გამოყენებაზე ხელს ავიღებთ და ვიტოვებთ ვარიანტს, რომ ყველა ზომას მივიღებთ, რათა ტაივანის სრუტეში სიტუაცია გავაკონტროლოთ და სტაბილური გავხადოთ," - განაცხადა მან.

ჩინეთის კომუნისტური პარტიაში მესამე ყველაზე გავლენიანმა მაღალჩინოსანმა და ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ლი ჭანშუმაც, მის მსგავსად განაცხადა, რომ არამშვიდობიანი გზებს ბოლო ვარიანტად განიხილავენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიახლე არ არის, ჩინეთის წამყვანი სამხედრო პირისგან მსგავსი საჯარო განცხადება იშვიათია. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ჩინეთი ჰონგ-კონგის ავტონომიას ძირს უთხრის. 

ტაივანის მთავრობა ჩინეთის განცხადებას გმობს და აცხადებს, რომ ომის მუქარა საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევაა. ტაივანი ამბობს, რომ ის ჩინეთის სახალო რესპუბლიკის ნაწილი არასდროს ყოფილა. 

"ტაივანელი ხალხი არასდროს აირჩევს დიქტატურას და ქედს არასდროს მოუხრის ძალადობას," - განაცხადეს ტაივანში.

ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები იანვარში გაიმართა, სადაც ცაი ინგ-ვენმა ხელახლა გაიმარჯვა, რომელიც პროპეკინელ კანდიდატს დაუპირისპირდა. ტაივანის არჩევნებზე ჰონგ-კონგის აქციებმა გავლენა მოახდინა, სადაც პეკინის წინააღმდეგ დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის მებრძოლ მილიონობით მომიტინგეს წელიწდზე მეტია ძალადობრივად არბევენ. პეკინი კი ტაივანს უკვე წლებია ჰონგ-კონგში 1997 წლიდან არსებული "ერთი ქვეყანა, ორი სისტემით" ჩინეთთან გაერთიანებას სთავაზობს. ამ მოდელის არაეფექტურობა 2019 წლის ჰონგ-კონგის აქციებზე ყველაზე უკეთ გამოჩნდა. ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების კანონების მიღებით კი ფაქტობრივად ქალაქის ავტონომია დასრულდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკვე გამოაცხადა, რომ ჰონგ-კონგი ავტონომია აღარ არის.

ინ-ვენმა ინაუგურაციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ტაივანი ამ სისტემას არ მიიღებს. ის აცხადებს, რომ ტაივანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას ოფიციალური სახელით, ჩინეთის რესპუბლიკად მოიხსენიებს. 

ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური პეკინისთვის წითელი ხაზია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2005 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმად ძალას გამოიყენებენ თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.

"ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩინეთის ნებისმიერი ტერიტორიის გაყოფას შეეცდება, სხეულის დანაწევრებითა და დამსხვრეული ძვლებით დაასრულებს," - ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა 13 ოქტომბერს ნეპალის პრემიერმინისტრთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მას შემდეგ, რაც 2016 წელს ინ-ვენი გახდა პრეზიდენტი, ჩინეთის დიპლომატიური წნეხის შედეგად, ტაივანმა 7 დიპლომატიური მოკავშირე დაკარგა. ტაივანს დღეს მხოლოდ 14 ქვეყანა და ვატიკანი აღიარებს.

ამავდროულად, მაისში აშშ-ის მთავრობამ კონგრესს ტაივანისთვის 180 მლნ აშშ დოლარის ღირებულების წყალქვეშა იარაღების, 18 MK-48 Mod 6 ტიპის ტორპედოების, მიყიდვაზე შეატყობინა. შეერთებული შტატებს, სხვა უმეტესი ქვეყნის მსგავსად, ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, თუმცა აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას და მისი სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

კომენტარები