დიდი ბრიტანეთი

ლონდონში მომიტინგეებმა უინსტონ ჩერჩილის ძეგლს გაუკეთეს წარწერა - "ის რასისტი იყო"

REUTERS

დიდ ბრიტანეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ლონდონში, პარლამენტის მოედანზე მდებარე უინსტონ ჩერჩილის ქანდაკებას გაუკეთეს წარწერა - "ის რასისტი იყო" და დაამაგრეს ბანერი წარწერით "შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია".

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯეიმს კლევერლიმ, ამ ქმედებას კონტრპროდუქტიული უწოდა:

"აშკარაა, რომ ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია, იჩხუბოს, ვიდრე კამათში გაიმარჯვოს. ძალადობა, ვანდალიზმი და ა.შ. იმ რასისტების წისქვილზე ასხამს წყალს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შავკანიანები არ იმსახურებენ/ვერ გაუმკლავდებიან თანასწორობას. ეს ქმედებები სულელური და კონტრპროდუქტიულია", - დაწერა მან საკუთარ Twitter-ზე.

აქციებს გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონიც. მან თქვა, რომ ანტი-რასისტული გამოსვლები ბანდიტებმა ჩაშალეს მას შემდეგ, რაც პოლიციასთან დაპირისპირება დაიწყეს.

მისი თქმით, მოსახლეობას პროტესტი უფლება აქვს, მაგრამ აქციების ძალადობაში გადაზრდა მათ მიზანს ღალატობს.

"ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვს, როდესაც სოციალური დისტანციის ნორმებს იცავენ, მაგრამ მათ უფლება არ აქვთ თავს დაესხან პოლიციას. ეს აქციები ბანდიტებმა ჩაშალეს - ისინი ღალატობენ იმ საქმეს, რისთვისაც ამბობენ, რომ იბრძვიან", - დაწერა მან Twitter-ზე.

6-7 ივნისს დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. 7 ივნისს ლონდონში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 8 პოლიციელი დაშავდა და 12 ადამიანი დააკავეს.

აქციები აშშ-ში აფროამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის, მკვლელობას მოჰყვა. ფლოიდი პოლიციამ დაკავებისას მოკლა. აშშ-ში საპროტესტო აქციები კვირაზე მეტია გრძელდება. ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები