კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: ერთი პაციენტი საყურადღებოა, რომელიც დატვირთულია ქრონიკული დაავადებებით

რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის, თქმით, კლინიკაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს. 

სოლოღაშვილის თქმით, 5 ინფიცირებული ბავშვია, დანარჩენი კი მოზრდილი. მისივე თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკას გუშინ, 4 ივნისს საბურთალოს წყაროდან 2 ინფიცირებული დაემატა. 

"ორი პაციენტი არის საბურთალოს კლასტერი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მსუბუქი, დაბალი ცხელებით და მსუბუქად გამოხატული სიმპტომებით. თითქმის ერთი კვირაა, საბურთალოს კლასტერიდან პაციენტები მკურნალობენ ჩვენთან და ეს ორი ახალი პაციენტიც საკარანტინო ზონიდან არის", - ამბობს სოლოღაშვილი. 

მისი ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ერთი პაციენტი საყურადღებოა. 

"ერთი პაციენტია საყურადღებო, რომელიც დატვირთულია ქრონიკული დაავადებებით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ველოდებით ერთი მოზარდის და სამი მოზრდილის გამოჯანმრთელებას", - ამბობს სოლოღაშვილი. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 805 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 650 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში COVID-19-ის 142 აქტიური შემთხვევაა.

კომენტარები