ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი

ფონ კრამონი კავკასიურ სახლს: შემზარავი მსგავსებაა ოცნების ნარატივთან, მარტო არ მოქმედებთ

ევროპარლამენტარმა, დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის (DEG) წამყვანმა წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა, კავკასიური სახლის მეორე ღია წერილს უპასუხა.

"სამწუხაროა, რომ მიმოწერაში თამასა დაბლა დაშვებას აგრძელებს. თავს ვერ მივცემ ასე ღრმად ჩამოყოლის უფლებას. აქედან გამომდინარე, იხილეთ ჩემი უკანსკნელი პასუხი," - წერს ევროპარლამენტარი.

ფონ კრამონმა კავკასიური სახლის წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართა:

"მთავარი კითხვა, რომელსაც აქ პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, თუ რატომ უტევთ ასე შეუპოვრად, ასეთი აშკარა და მარტივად უარსაყოფი ტყუილებით თქვენს საერთაშორისო მოკავშირეს? რატომ აყენებთ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ? იქნებ, სამართლიანობის პოვნის კეთილშობილური მიზნის ნაცვლად ცუდად შენიღბული პოლიტიკური დღის წესრიგი გამოძრავებთ?

თქვენი ნარატივი ორივე წერილში ქართული ოცნების ნარატივთან შემზარავ მსგავსებას ავლენს და რამდენიმე იმ პუნქტს იმეორებს, რომელსაც მთავრობის წევრები აჟღერებდნენ. თქვენსა და ქართული ოცნების მხარდამჭერი ტელეკომპანია "იმედის" მიერ ჩემ წინააღმდეგ წარმოებული (სავარაუდოდ) ორგანიზებული მედიაკამპანია ("პოლიტოლოგებად" წოდებული პირების მონაწილეობით) ასევე დამატებით მიუთითებს იმაზე, რომ ამ მცდელობაში მარტო არ მოქმედებთ.

მე კავკასიურ სახლს ვურჩევდი, რომ იყოს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციის სტატუსის ერთგული ან ღიად განაცხადოს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ, რადგან, ჩვენ, თქვენი მოკავშირეები, ვიმსახურებთ ვიცოდეთ, თუ ვისთან გვაქვს საქმე".

ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კავკასიურმა სახლმა პირველ წერილში არაერთგზის და ამავდროულად, მცდარად დასდო ბრალი ზოგიერთი პოლიტიკოსის "პოლიტპატიმრად" გამოცხადებაში:

"ამ ცილისწამების განსამტკიცებლად ციტატად მოიყვანეთ თებერვალში გაკეთებული ჩემი კომენტარი ტვიტერიდან სადაც ვაცხადებ, რომ "პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაუშვებელია და საქართველოს აზიანებს". თუ თქვენ ფიქრობთ, რომ "პოლიტიკური ოპონენტი" იგივეა, რაც "პოლიტიკური პატიმარი", მაშინ იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ კარგად კითხვის აუცილებლობის შესახებ".

ევროპარლამენტარმა ასევე აღნიშნა, რომ არგუმენტირების კიდევ ერთი მცდელობის დროს, კავკასიური სახლი მას 8 მარტის შეთანხმების მხარდაჭერას ახსენებს. ფონ კრამონმა ხაზგასმით თქვა, რომ ეს შეთანხმება უფრო სამართლიანი, უფრო კონკურენტუნარიანი არჩევნებისკენ გზას კვალავს და ქართული დემოკრატიისთვის დიდი მიღწევაა.

"შესაბამისად, გასაკვირი არა ჩემ მიერ შეთანხმების მხარდაჭერაა, არამედ თქვენი ჭოჭმანი იმის თაობაზე, რომ შეახსენოთ თქვენს ხელისუფლებას მათი ანგარიშვალდებულება და სიტყვის შესრულება მოსთხოვოთ. ბატონი ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ თავისი პირობა ერთხელ უკვე გატეხა და ახლა იმავეს გაკეთების კიდევ ერთი მცდელობა მას უფრო და უფრო ამსგავსებს სააკაშვილის საზარელ რეჟიმს".

ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კავკასიური სახლი თითქოს მას ანიშნებს, რომ ანგარიშვალდებული უნდა იყოს იმაზე, თუ რა თქვა ან არ თქვა ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა. აქვე, კრამონმა აღნიშნა, რომ მათ მიერ ჩამოთვლილ პირთაგან არცერთია მისი პარტიის წევრი. მეტიც, ისინი ფონ კრამონის პოლიტიკური ოპონენტები არიან.

"შესაბამისად, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტა არ იყოს, არაეფექტურია, ჩემგან მოითხოვდეთ განმარტებას ჩემი ოპონენტების იმ სიტყვებზე, რომლებსაც თქვენ მცდარად ისევ მე მომაწერთ. თქვენ თუ ჩემი ოპონენტების სიტყვებზე განმარტების მოსმენა გსურდათ, მაშინ თქვენი წერილი უნდა დაგესათაურებინათ მათი სახელებით და არა ჩემით".

ფონ კრამონის თქმით, როცა კავკასიური სახლის წარმომადგენლები გაიგებენ თუ ვისთან აქვთ საქმე, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია, მათთან სტუმრობის შესაძლებლობა განიხილოს, რათა ისაუბრონ "სააკაშვილის სასტიკ რეჟიმზე", რომელიც, როგორც ევროპარლამენტარი მათ ახსენებს, თითქმის 8 წლის წინ დასრულდა. თუმცა, ევროპარლამენტარის თქმით, უწინარესად უნდა განიხილონ მიმდინარე პრობლემები.

"ისეთი, როგორიცაა დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლა, მოსამართლეთა გაუმჭვირვალე დანიშნვა (ზოგიერთი მათგანი ძალიან საკამათო განათლებით), პოლიტიკური ოპონენტების დევნა, დემოკრატიაზე გულის აცრუება, რუსული ოკუპაცია და სხვა მრავალი წინაღობა, რომელიც აბრკოლებს საქართველოს, იყოს ის ქვეყანა, რომელსაც მისი ხალხი იმსახურებს," - დასძინა მან.

ვიოლა ფონ კრამონი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში კავკასიური სახლის წარმომადგენლები მოკავშირეებთან კომუნიკაციის უფრო კონსტრუქციული გზების შერჩევას მოახერხებენ და იმ ხიდების აღდგენას დაიწყებენ, რომლებიც "უსაფუძვლო და არაინფორმირებულმა პირადმა ბრალდებებმა, სამწუხაროდ, ძლიერ დააზიანა".

ფონ კრამონმა პირველ წერილში პოლიტპატიმრების შეწყალებაზე განაცხადა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯია სწორი მიმართულებით.

ამას გამოეხმაურა კავკასიური სახლი, სადაც ფონ კრამონი "ნაკლებად დიპლომატიური" წერის სტილი აღნიშნეს. მათ ევროპარლამენტარს "საზოგადოების ნაწილის" სახელით ჰკითხეს - რა შედეგი გამოიღო მისმა ძალისხმევამ. კავკასიურმა სახლმა სხვა ევროპარლამენტარების სიტყვებიც მოიხმეს, რომლებმაც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს მნიშვნელოვანი პოლიტპატიმრები უწოდეს. მათი განცხადებით, ამით უცხოელი პარტნიორები "უზომო შეურაცხყოფასა და ტრავმას აყენებენ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიერ წამებულ ადამიანებს და დახოცილთა ოჯახებს".

კომენტარები