პოლიტპატიმრების საკითხი

ღარიბაშვილი უგულავაზე: 50 000 000 ლარის მომპარველი რატომაა პოლიტპატიმარი? ამიხსნან!

ირაკლი ღარიბაშვილი
იმედი

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საქართველოს გენერალურ მდივანს, გიგი უგულავას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა პოლიტპატიმრად აღიარეს, ქურდს ეძახის. 

ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა და მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში, ჟურნალისტის მიერ პოლიტპატიმრების შესახებ დასმული კითხვის პასუხად ისაუბრა.

ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც სასჯელს 20 ივნისის აქციაში მონაწილეობისთვის იხდიდა, ГРУ-ს ბაზაზე სპეციალური ჯგუფის გადამზადებაში დაადანაშაულა. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი პოლიტპატიმრად აღიარებული ადამიანის, გიორგი რურუას, შესახებ კი თქვა, რომ ის "განგსტერია". 

"უგულავა, რომელიც არის ჩვეულებრივი ქურდი და კლასიკური ეტალონი... არ მინდა, ეს სიტყვა ვიხმარო, მაგრამ ისინი არ იშურებდნენ შეურაცხმყოფელ ეპითეტებს და მეც მინდა, რომ ვიხმარო, ის არის ყველაზე ნამდვილად გარყვნილი პოლიტიკოსი ჩვენს რეალობაში. და კორუმპირებული, მთავარი ქურდი. 50 მილიონი ლარის მომპარველი ქურდი რატომ არის პოლიტპატიმარი? ამიხსნან!" - თქვა ღარიბაშვილმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის იმის მიზეზი, რომ საქართველოს პარტნიორებმა ისინი პოლიტპატიმრებად აღიარეს და არის თუ არა ეს ქართული ოცნების ხელისუფლების სუსტი დიპლომატიის ბრალი, ღარიბაშვილი ამბობს, რომ პოზიციის მეტად გამოხატვა არ სურს. 

"იცით, რა არის? მე არ მინდა, რომ ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე ზედმეტი ვისაუბრო ამ თემებზე, მაგრამ მე შევეხე იმ ცნობილ ფაქტებს, რომლებიც ჩემთვის არის ცნობილი, თუნდაც რურუას, თუნდაც ოქრუაშვილის და თუნდაც უგულავას შემთხვევებში. დანარჩენს შესაბამისი უწყებები გასცემენ პასუხს და გასცეს კიდევაც პასუხი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ერთსა და იმავე საქმეზე გიგი უგულავას პატიმრობა მესამედ თებერვალში მიუსაჯეს. მის დაპატიმრებას მალევე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების კრიტიკული გზავნილები ხელისუფლების მიმართ. 

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ორნაწილიანი შეთანხმება შედგა, რომელიც გარდა საარჩევნო სისტემის ცვლილებისა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას გულისხმობდა. 

მიუხედავად ქართული ოცნების მხრიდან შეთანხმების მეორე ნაწილის არ აღიარებისა, საერთაშორისო პარტნიორები დაჟინებით მოუწოდებდნენ ქართული ოცნების ხელისუფლებას, გაეთავისუფლებინათ პოლიტპატიმრები. სახელობითად კი ისინი სწორედ უგულავას, ოქრუაშვილსა და რურუას ახსენებდნენ. 

დიპლომატიური ზეწოლის ფონზე 15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა, თუმცა კვლავ პატიმრობაში რჩება მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა. 

კომენტარები