აშშ

აშშ-ში ქალაქ მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის ყოფილ პოლიციელს ბრალი წარუდგინეს

აშშ-ის შტატ მინესოტას ქალაქ მინეაპოლისში ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს, 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე ბრალი მესამე ხარისხის მკვლელობისთვის არუდგინეს.

ფლოიდის ოჯახმა და ადვოკატმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას მიესალმებიან, თუმცა ის დაგვიანებულია.

ოჯახი პოლიციელისთვის პირველი ხარისხის მკვლელობისთვის ბრალის წარგენას და შემთხვევაში მონაწილე დანარჩენი სამი პოლიციელის დაკავებას ითხოვს. 

პროკურორმა განაცხადა, რომ სხვა ოფიცრებს ბრალს წარუდგენს, თუმცა დეტალები არ გაუმჟღავნებია. პროკურორის, მაიკ ფრიმენის, თქმით, ბრალის წარდგენა სწრაფად მოხდა, რადგან მათ მტკიცებულება ჰქონდათ.

ჯორჯ ფლოიდს ყალბი ფულის გამოყენების გამო აკავებდნენ. პოლიციამ განაცხადა, რომ მან დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა სცადა და სამედიცინო დახმარება სჭრიდებოდა. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დაკავების პირველი წუთები არ ჩანს, თუმცა ასახულია, როგორ წევს მიწაზე დაკავებული. მას ხელბორკილები ადევს, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიციელი მუხლით კისერზე აწვება. ისმის კაცის ხმა "ვერ ვსუნთქავ, არ მომკლათ".

მამაკაცის დაღუპვას მინეაპოლისში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც მოგვიანებით არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა დაწვეს მანქანები და შენობები, მათ შორის პოლიციის შენობა. არეულობის დროს მოსახლეობამ მაღაზიები გაძარცვა.

პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქციები გაიმართა ჩიკაგოში, ლოს ანჯელესსა და მემფისშიც. აქციები კვლავ გრძელდება.

თეთრი სახლის სპიკერმა კეილინ მაკინანიმ თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი აღაშფოთა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ფაქტმა და მას სურს, სამართალი აღსრულდეს. თავად ტრამპმა კი აქციების შესახებ საკუთარ Twitter-ზე დაწერა:

"ეს ავაზაკები შეურაცხყოფას აყენებენ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას და მე ამას არ დავუშვებ. ახლახან ვესაუბრე გუბერნატორ ტიმ უოლტსს და ვუთხარი მას, რომ სამხედროები მასთან არიან და გზაში არიან. თუ რაიმე გართულება იქნება, კონტროლს დავამყარებთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ძარცვა და სროლა დაიწყება. გმადლობთ!"

კომენტარები