ბურჯანაძე ლუგარზე: ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობით

ფორმულა

დემოკრატიული საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიის ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობით და არა რუსეთის პირდაპირი ჩარევით.

ბურჯანაძე კრემლის მორიგ დეზინფორმაციულ კამპანიას ბრიფინგზე გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო სამინისტრო ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით ქართული მხარისგან პასუხს ითხოვს

ბურჯანაძის თქმით, როცა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, ნორმალურ თანამშრომლობაზე, ინსპექტირებასა და ინფორმაციის გაცვლაზე საუბარი რთულია. 

"ნებისმიერი ის საკითხი, რომელიც ეხება, ვთქვათ, ამ ტიპის ინსპექტირებას, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მეთვალყურეობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და არა პირდაპირი ჩარევის განხორციელებით უნდა იყოს შესრულებული",- ამბობს ნინო ბურჯანაძე. 

რუსეთის საგარეო უწყებამ ლუგარის ლაბორატორიაში ვიზიტი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოითხოვა. როგორც აცხადებენ, შესაბამისი ნოტა მათ საქართველოს 2019 წლის ივნისშიც გამოუგზავნეს.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართულ მხარეს რუსი სპეციალისტების მოწვევის არანაირი ვალდებულება არ აქვს, თუმცა მზადაა, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, ისინი ლუგარის ლაბორატორიაში მიიღოს.

რუსეთის განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, საელჩოსთვის შემაშფოთებელია რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია. 

კახეთის გზატკეცილზე მდებარე ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიებით აღჭურვილი კვლევითი ცენტრი რუსულმა პროპაგანდამ მთავარ სამიზნედ ჯერ კიდევ იმ დროიდან ამოიღო, სანამ ქართულ-ამერიკული პროექტი სრულყოფილ სახეს მიიღებდა.

"მომაკვდინებელი ლაბორატორია, სადაც ადამიანებზე სიცოცხლისთვის საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ" - ეს ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ გავრცელებული ერთერთი ყველაზე დიდი მითია, რომელიც რუსეთმა შექმნა. მითები მრავალი იყო და, როგორც წესი, ერთი მეორეზე აბსურდული. 

დღიდან ლუგარის ლაბორატორიის შექმნისა, როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარის ინტერესებში პროცესის სრული გამჭვირვალობა შედიოდა და სწორედ ამიტომ, ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელობის ინიციატივით, რუსი ჟურნალისტები არაერთხელ მიუწვევიათ ლუგარის კვლევით ცენტრში, თუმცა სამშობლოში დაბრუნებულები კვლავ აგრძელებდნენ დეზინფორმაციულ კამპანიას. 

 

კომენტარები