ტაივანი - ჰონგ-კონგი

ტაივანმა ჰონგ-კონგელებს, რომლებიც პოლიტიკურ მიზეზთა გამო ტაივანში წავლენ, დახმარება აღუთქვა

Reddit

ტაივანი ჰონგ-კონგელებს, რომლებსაც პოლიტიკური მიზეზების გამო ქალაქი დატოვება მოუწევთ, ტაივანში დაეხმარება, მათ შორის, დასაქმების მხრივ. 

28 მაისს ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგის ეროვნული უშიშროების ახალ კანონს მხარი დაუჭირა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკვე გამოაცხადა, რომ ჰონგ-კონგი ავტონომია აღარ არის.

ტაივანის წინადადებამ პეკინის აღშფოთება გამოიწვია. ჩინეთი ტაივანს მის პროვინციად თვლის, რომელთანაც ერთ დღეს გაერთიანდება.

მიმდინარე კვირას ტაივანის პრეზიდენტი, ცაი ინგ-ვენი, პირველი მსოფლიო ლიდერი გახდა, რომელმაც ჰონგ-კონგელ ხალხს, რომლებიც ახალი კანონის გამო ქალაქს დატოვებენ, დასახმარებლად კონკრეტული ზომების მიღებას დაპირდა.

ტაივანში კონტინენტური ჩინეთის საქმეთა საკონსულოს ხელმძღვანელმა, ჩენ მინგ-თონგმა, პარლამენტს უთხრა, რომ მთავრობა აქტივისტების ჯგუფებთან ერთად ორგანიზაციას დააარსებს, რაც "ჰუმანიტარულ დახმარებას", მათ შორის, ტაივანში ცხოვრებას და დასაქმებასაც მოიცავს. 

მისი თქმით, ჰონგ-კონგელებს საკონსულოს მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ.

"ბევრ ჰონგ-კონგელს ტაივანში ჩამოსვლა სურს. ჩვენი მიზანია, რომ მათ აქ საცხოვრებელი ადგილი და მზრუნველობა მივცეთ," - თქვა მან.

ჩენმა ტაივანელებს მოუწოდა, რომ ჰონგ-კონგელებს ლტოლვილები არ უწოდონ, რადგან მისი თქმით, ეს მათთვის, შესაძლოა, "ემოციურად მტკივნეული იყოს".

პროგრამის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, რადგან ტაივანის მთავრობა ამჟამად კვლავ მუშაობის პროცესშია.

ტაივანელები ჰონგ-კონგელ მომიტინგეებს მხარდაჭერას უცხადებს. 

პოლიტიკურად პოლარიზებულ ტაივანში ჰონგ-კონგზე ახალმა წინადადებამ პარტიებიდან სრული მხარდაჭერა მიიღო.

2020 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ჰონგ-კონგელების რიცხვი, რომლებმაც ტაივანის მოქალაქეობა მიიღეს 150%-ით გაიზარდა (2 383 პირი) წინა წელთან შედარებით. 

ჰონგ-კონგიდან ტაივანში უნივერსიტეტების აპლიკაციების რიცხვი 2020 წელს წინა წელთან შედარებით 62%-ით გაიზარდა. მიმდინარე კვირას ტაივანის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ ჰონგ-კონგელი სტუდენტებისთვის კოვტას გაზრდიან.

---------------

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მიმდინარე თვეს განახლდა, რისი მთავარი მიზეზი ჩინეთის განზრახვაა, მიიღოს ახალი კანონები ჰონგ-კონგში.

ჩინეთის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ჩინეთი ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" "გაუმჯობესებას" გეგმავს. კანონპროექტების დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანონების მიღების შემთხვევაში ჩინეთისგან ჰონგ-კონგის სეცესია სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ასევე, დანაშაული იქნება ჰონგ-კონგის საშინაო საქმეებში ნებისმიერი საგარეო ძალის ჩარევა, ტერორიზმი და ყველა ქმედება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დამხობისკენ იქნება მიმართული.

ახალი კანონებით, შესაძლოა, პეკინმა ჰონგ-კონგში კონტინენტური ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები განათავსოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებს ჰონგ-კონგში პირდაპირ შეეძლებათ კანონების აღსრულება. ჰონგ-კონგში ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად "საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალური სახალხო მთავრობის შესაბამისი ეროვნული უსაფრთხოების ორგანოები სააგენტოებს დააარსებს".

ამ ყველაფრით კი ჰონგ-კონგს, რომელსაც 1997 წლის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" შეთანხმებით, ავტონომია გარანტირებული უნდა ჰქონდეს, საფრთხე ემუქრება. ჩინეთის ეს ქმედება იქნება პასუხი გასულ წელს ჰონგ-კონგის მასშტაბურ პროდემოკრატიულ აქციებზე - ჰონგ-კონგის თავისუფლებისთვის და პეკინის გაზრდილი წნეხის საწინააღმდეგოდ.

24 მაისს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, უსაფრთხოების კანონპროეტების შესახებ განაცხადა, რომ ის ქალაქის მაღალი ხარისხის ავტონომიაზე, ჰონგ-კონგში მცხოვრებლების უფლებებსა და თავისუფლებებზე, ასევე ინვესტორთა ინტერესზე გავლენას არ იქონიებს. 

პეკინის საპირისპიროდ, დემოკრატიის მომხრე კანონმდებლები ამბობენ, რომ ეს "ჰონგ-კონგის სიკვდილი იქნება".

27 მაისს ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა მომიტინგეების დასაშლელად წიწაკის ტყვიები გამოიყენა. აქციის მიმდინარეობისას 300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს. ჰონგ-კონგში ხელისუფლების სათავეში პეკინის მომხრე უმრავლესობაა.

კომენტარები