20 ივნისი

ხოშტარიას კითხვას 20 ივნისზე გახარია პასუხობს, რომ მორალში არ შევა - "სხვა რამეზე ვსაუბრობთ"

ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ, 20 ივნისს დაზარალებული მაკო გომურის კითხვა პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კვლავ შეახსენა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ჰკითხა დაზარალებული ადამიანების წინაშე.

"ერთი წელი გადის უკვე 20 ივნისის შემდეგ, ამ დარბაზში მე რამდენიმე თვის წინ დაგისვით მაკო გომურის კითხვა, რომელიც კითხულობდა, თუ ვინ დააზიანა ეს ადამიანი და ვინ ამოთხარა მას თვალი? სამწუხაროდ, მაშინ ძალიან ცინიკურად მიპასუხეთ, რომ თავად მოაგვარებდით ურთიერთობას მაკო გომურთან, თუმცა აქ ძალიან კარგად გვესმის, რომ საუბარი არაა თქვენს ურთიერთობაზე, აქ საუბარია სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე კონკრეტული დაზარალებული ადამიანების მიმართ, რომელთა ნაწილიც საერთოდ არ ცნეს დაზარალებულად, ეს კითხვები ვერსად გაქრება და პასუხები აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ" - უთხრა ელენე ხოშტარიამ პრემიერმინისტრს.

გიორგი გახარიამ კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ეს სამართლებრივი პროცესია და სხვა ყველაფერი კი - მორალი, რაშიც, გახარიას თქმით, მას შესვლა არ უნდა.

"მორალში შესვლა არ მინდა, სხვა რამეზე ვსაუბრობთ," - თქვა მან.

"სამართლებრივი პროცესია დაზარალებული სტატუსის მინიჭება/არმინიჭება. მე ვთვლი, რომ სრულად შესაბამისი სახელმწიფო სისტემების მუშაობის პრეროგატივაა და ამ ნაწილში ჩემი სუბიექტური შეფასება, ეკუთვნის, თუ არ ეკუთვნის - აქ არ შევალ.

სხვა ყველაფერი არის მორალური კომპონენტი, რომელსაც მე არ შევაფასებ. რამდენჯერმე მაქვს შეფასებული. არც იმას ვიტყვი, პასუხისმგებლობები და ვალდებულები დაზარალებული ადამიანების მიმართ, სახელმწიფოსი,პირადად ჩემი, ორივე მხრიდან რამხელაა, ან ამ მორალურ ვალდებულებებს ჩვენ რას ვუშვებით. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ბევრი ითქვა უკვე. რა თქმა უნდა, ეს არ არის გავლილი თემა, ეს იქნება მუდმივი შემადგენელი ნაწილი ჩვენი წარსულის, მაგრამ მე ვფიქრობ, ამას გარკვეული ნათელი სულ უფრო და უფრო მეტი მოეფინება", - თქვა გახარიამ.

6 სექტემბერს ჯერ კიდევ პრემიერმინისტრობის კანდიდატი გახარია პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წინაშე წარსდა. ევროპული საქართველოს დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ, გახარიას მაკო გომურის კითხვა  მაშინაც წაუკითხა, რაზეც გახარიამ თქვა, რომ "ეს არ არის კითხვა, ეს არის შეფასება" და ამ შეფასებისთვის მადლობა გადაიხადა. 

მოგვიანებთ, 20 სექტემბერს, გიორგი გახარიამ თქვა, რომ 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დარბევისას დაშავებულ მაკო გომურთან "ურთიერთობებს გაარკვევს".

ცნობისთვის, პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს, რომელთა ინტერესებსაც საია იცავს, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი უთხრა.

კომენტარები