უმუშევრად დარჩენილები

გახარია უმუშევრად დარჩენილებზე: ფულის გაცემა უკვე ამ კვირიდან დაიწყება

TV Pirveli

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ცნობით, პირები, რომლებიც პანდემიისას უმუშევრად დარჩნენ, სახელმწიფოს მხრიდან დანაპირებ ფულად დახმარებას ამ კვირიდან მიიღებენ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა.

"ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დახმარების სააგენტო, ისევე როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უკვე კარგად მუშაობენ ერთმანეთთან. რეალური ფულის მიცემა უკვე ამ კვირიდან დაიწყება და მე ზუსტად ჩამოვთვლი, რამდენი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას კონკრეტული თანხების რაოდენობით.

ჩვენ არასდროს გაგვიცია დაპირება, რომ ეს იქნებოდა ან პირველ აპრილს, ან პირველ მაისს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ყველაფერი 20 მაისის შემდგომ იქნებოდა. როგორც ვთქვით, ისე მივყვებით და არ მინდა სპეკულაციების კორიდორი დავტოვო. ვიმეორებ, ყველა ადამიანი, რომელსაც ეს საჭიროება ექნება და ეს საჭიროება დასაბუთებული იქნება, ამ დახმარებას მიიღებს", - ამბობს გახარია.

მთავრობამ სოციალურ-ეკონომიკური გეგმა 24 აპრილს წარადგინა. რომლის მიხედვითაც, უხელფასოდ დარჩენილი ადამიანები მიიღებენ 200 ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში, თვითდასაქმებულები კი ერთჯერადად 300 ლარს. თუმცა, თვითდასაქმებულ ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ რამე სახის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც იურიდიული პირის მიერ იქნება გაცემული. ფიზიკურ პირებთან დასაქმებული ადამიანები, მაგალითად მძღოლები ან ძიძები დახმარებას ვერ მიიღებენ.

27 აპრილს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კომპენსაციას ვერ მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც ფიზიკურ პირებთან მუშაობდნენ. სამინისტროს ცნობით, ერთჯერადი დახმარების მისაღებად იურიდიული პირის მიერ გაცემული ცნობა იქნება საჭირო, სხვაგვარად, ერთჯერადი ანაზღაურების მიღება შეუძლებელი იქნება.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 1,690 მილიონს აღემატება. აქედან თვითდასაქმებულთა წილი 48,7% შეადგენს, რაც დაახლოებით 823,000-ია.

ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის პროგრამის ბიუჯეტი სულ 75 მილიონ ლარს შეადგენს, ამგვარად, გამოყოფილი თანხა მხოლოდ 250 ათასი თვითდასაქმებულისთვის იქნება საკმარისი, ხოლო 573 ათასი მოქალაქე კომპენსაციას ვერ მიიღებს.

კომენტარები