საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

ТАСС: გაზპრომი საქართველოს გაზს წინა წლების ტარიფით მიაწვდის

Gazprom-ის სათავო ოფისი
newsweek.com

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ს გაზპრომში განუცხადეს, რომ საქართველოსთვის იგივე ტარიფი შენარჩუნდება, რაც წინა წლებში მოქმედებდა. 

გუშინ, 26 მაისს, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ გაზპრომთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულებით გაზის ტარიფი დაახლოებით 15%-ით მცირდებოდა. 

საპირისპიროს აცხადებენ გაზპრომში - "საქართველოსთვის გაზის ფასი იგივეა, რაც ადრე წლიური საკონტრაქტო რაოდენობის 100%-იანი შესრულებისას. ამჯერად ეს ვალდებულებები, გაზსადენიდან საქართველოს საკონტრაქტო წილის შესახებ, მკაცრად გაიწერა." 

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კორპორაციამ რუსულ სახელმწიფო კორპორაცია გაზპრომთან ხელშეკრულება განაახლა. ახალი ხელშეკრულება შემცირებულ ტარიფს ითვალისწინებს. 

ხელშეკრულება გაზპრომთან 21 მაისს გაფორმდა. ამავე დღეს ეკონომიკის სამინისტრომ ბუნებრივი აირის იმპორტის პროგნოზი განაახლა. ცვლილების თანახმად მცირდება თავდაპირველი გეგმა, რომლის მიხედვითაც 2020 წელს საქართველოში სულ 2,572 მილიარდ კუბური მეტრი გაზის იმპორტი იყო დაგეგმილი, განახლებული მაჩვენებელი - 2,569 მილიარდი კუბური მეტრია.

პარალელურად მცირედით იცვლება მოწოდების სტრუქტურაც, კერძოდ, წელს რუსული გაზის იმპორტი იზრდება, ხოლო აზერბაიჯანულის - მცირდება. თავდაპირველად აზერბაიჯანიდან საქართველო 2,385 მილირდი კუბური მეტრის შესყიდვას გეგმავდა, საბოლოო ვერსიით კი, მაჩვენებელი 2,347 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდა. 

რაც შეეხება რუსულ გაზს, თავდაპირველი ვერსიით საქართველო გაზპრომისგან 169 მილიონი კუბური მეტრი გაზის შესყიდვას გეგმავდა, ცვლილების შემდეგ ეს მაჩვენებელი 200 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. ამასთანავე, კომერციულ საიდუმლოებად რჩება გაზის ფასი.

გაზპრომთან განახლებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი.

"გაძლიერებული კონკურენციის და ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების გამო, გაზპრომთან ხელშეკრულების გადახედვა ფასის კლებას ემსახურება. კომერციული საიდუმლოს გამო, მე ციფრებს ვერ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით მცირდება ბუნებრივი აირის ტარიფი", — ამბობს ნათია თურნავა. 

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ხელშეკრულება მომავალშიც შეიძლება გადაიხედოს და ბუნებრივი აირის იმპორტი დივერსიფიცირებული და კონკურენტულია.

კომენტარები