8 მარტის შეთანხმება

ოცნება პარტნიორებს: შეწყალება 8 მარტის შეთანხმებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია

ქართულმა ოცნებამ ლობისტური ჯგუფის დახმარებით საერთაშორისო პარტნიორებს განცხადებით მიმართა. წერილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

წერილში წერია, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება 8 მარტის შეთანხმების მხარდაჭერისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

"პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებისთვის, როცა კრიმინალური დანაშაულისათვის მსჯავრდებული ორი ოპოზოციური პოლიტიკოსი შეიწყალა."

თუმცა შეწყალებამდე, თვეების განმავლობაში ოცნების წევრები ამტკიცებდნენ, რომ შეთანხმების ნაწილი პოლიტიკური დევნა და კონკრეტული პირების გათავისუფლების საკითხი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დოკუმენტში, მის შესრულებაში პრეზიდენტის როლზეც იყო საუბარი. 

განცხადებაში ქართული ოცნება ასევე წერს, რომ ქართული ოპოზიციური პარტიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "წინამძღოლობითა" და ევროპული საქართველოსა და სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით, "უარს ამბობენ თავიანთ დაპირებაზე", შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დაიდო. 

"ეს უკიდურესი უპასუხისმგებლობაა. 8 მარტის შეთანხმება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისა და ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალი გზის დაჩქარების ფუნდამენტური საყრდენია", - წერს მმართველი გუნდი წერილში. 

ქართული ოცნება ამბობს, რომ ისინი საარჩევნო სისტემის რეფორმის დაპირებაზე მყარად დგანან, ხოლო მათივე განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა უკან დაიხიეს თავიანთი პირობის შესრულებისგან.

"უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს პარტიები უარს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე ქართველი ხალხის წინაშე, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატია და ავაშენოთ უფრო ინკლუზიური საზოგადოება. ენმ, ევროპული საქართველო და სხვა ოპოზიციური პარტიები ძირს უთხრიან 8 მარტის შეთანხმების ლეგიტიმურობას იმით, რომ აკეთებენ ყალბ ბრალდებებს, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ კრიმინალურ საქმეებთან. ამას საერთო არაფერი აქვს ახალი საარჩევნო სისტემის მიღებასთან", - წერია განცხადებაში. 

როგორც პარტია საერთაშორისო პარტნიორებს ამცნობს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, 15 მაისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა "კონტროვერსიული ნაბიჯი გადადგა და ორი მსჯავრდებული დამნაშავე შეიწყალა". 

პარტია წერს, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, სხვა პარტიებთან ერთად უნდა დაასრულონ მუქარები, ბოიკოტები და პოლიტიკური თამაშები. 

"ქართული ოცნება მოუწოდებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ დაადასტურონ მხარდაჭერა ახალი საარჩევნო სისტემის მიმართ და დაჟინებით მოუწოდონ რადიკალურ ოპოზიციას, ქართული დემოკრატიისთვის ამ საკვანძო ნაბიჯს ძირი არ გამოუთხარონ", - წერია განცხადებაში. 

მიუხედავად პრეზიდენტის მიერ პოლიტპატიმრების, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის, შეწყალებისა, ციხეში კიდევ ერთი პოლიტპატიმარი, მთავარი არხის მეწილე გიორგი რურუა რჩება. ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ და რურუას გათავისუფლებასაც ელიან. 

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ისინი მხარს არ დაუჭერენ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტს, თუ იქამდე ქართული ოცნება დაპირებას სრულად არ შეასრულებს და რურუასაც არ გაათავისუფლებს. 

კომენტარები