გახარია პარლამენტში

გახარია: ახალ მსოფლიოში ახალი წესები იქნება, ყველა ქვეყანა შეძლებს, გახდეს უფრო წარმატებული

საქართველოს მთავრობა

გიორგი გახარიამ პარლამენტში ახალი კორონავირუსის მართვის ანგარიში წარადგინა.

პრემიერმინისტრი პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს და მისი მთავრობის წარმატებებზე საუბრობს.

მან კორონავირუსით ინფიცირებულთა და განკურნებულთა რიცხვებზე ისაუბრა, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში და თქვა, რომ ეს არ არის საამაყო რიცხვები, მაგრამ არის ის, რაც გვაძლევს საშუალებას, ვირუსის გავრცელება გაკონტროლდეს.

"ეს არ არის საამაყო ციფრები და ეს არ არის მხოლოდ მთავრობის დამსახურება, ეს არის მთავრობის, ბიზნესის, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ პანდემიის გავრცელება გვქონდეს კონტროლის ქვეშ. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავდგით ეკონომიკის გახსნის ის სწრაფი ნაბიჯები, რომლებიც შეგვეძლო გადაგვედგა.

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს - უკიდურესი მნიშვნელობა აქვს სწორ ბალანსს, იმას, თუ რამდენად ზუსტად და ყურადღებით დავიცავთ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც წარგვიდგენენ ეპიდემიოლოგები.

ეს გვაძლევს მეტ საშუალებას, ვიყოთ პროაქტიურები ეკონომიკის გახსნაში და საბოლოო ჯამში, ეს არის ერთადერთი საშუალება ჩვენი ქვეყნისთვის, ეს გლობალური პანდემია ვაქციოთ შესაძლებლობად. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხვალ ახალ მსოფლიოში, კონკურენციის ახალი წესები და ახალი მდგომარეობა იქნება, სადაც ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, გახდეს უფრო წარმატებული როგორც სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, ასევე, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად", - თქვა გახარიამ.

27 მაისის მდგომარეობით, საქართველოში ახალი კორონავირუსი ჯამში 735 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 557 გამოჯანმრთელდა, 12 - დაიღუპა.

მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვმა 5,5 მილიონს გაააჭარბა.

კომენტარები