საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

МИД: ლუგარის კვლევით ცენტრში რუსი ექსპერტების დაშვებაზე საქართველოს პასუხს ველოდებით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
РИА

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ფედერაცია თბილისში მდებარე ლუგარის კვლევით ცენტრში რუსი ექსპერტების დაშვებაზე საქართველოს პასუხს ელოდება. 

"რუსი პროფილური ექსპერტების ვიზიტი ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე კვლავაც ვერ ხერხდება. ქართულ მხარეს ჯერჯერობით არ ჰქონია საგნობრივი რეაქცია ჩვენს მიერ 2019 წელს გაგზავნილ ნოტაზე, რომელიც ვიზიტის მოდელის დაზუსტებას ეხებოდა, ველოდებით თბილისის ოფიციალურ რეაქციას",— ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში ამბობენ, რომ ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ განმარტებებს არც ვაშინგტონში აკეთებენ - თუ რით არის დაკავებული რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარე კვლევითი ცენტრი. 

МИД-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი დაჟინებით მოითხოვს გარანტირებულ დაშვებას კვლევითი ცენტრის ყველა კორპუსში, მათ შორის, იმ ნაწილებში, რომლებშიც ამერიკელი ექსპერტები მუშაობენ. 

ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობა უკვე მერამდენედ მოსკოვის აგრესიული განცხადებების საფუძველია. ლუგარის ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით გასულ პერიოდში არაერთხელ მომზადებულა ყალბი სიუჟეტები რუსეთის სახელმწიფო მედიების მეშვეობით. 

საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, იგორ გიორგაძემ, გასულ წელს განაცხადა, რომ ლუგარის ცენტრში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით სხვადასხვა ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. 

იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრის პოსტს 1990-იანი წლების პირველ ნახევარში იკავებდა. 1995 წელს ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად სწორედ იგორ გიორგაძე დასახელდა. თუმცა, გიორგაძემ საქართველო იმავე დღეს, რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზიდან დატოვა. იმ დროიდან მოყოლებული გიორგაძე რუსეთში ცხოვრობს.

უფრო მეტი ლუგარის კვლევითი ცენტრის საქმიანობისა და ისტორიის შესახებ წაიკთხეთ აქ.

კომენტარები