26 მაისი

ბოკერია: ძალიან ვწუხვარ, რომ გვყავს მთავრობა, რომელმაც ეროვნული დროშებიც არ გამოფინა დღეს

ვულოცავ ყველას ამ ისტორიულ დღეს, როცა ქართველმა ხალხმა გამოხატა ნება, რომ ყოფილიყო თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა, რომ თვითონ აერჩია საკუთარი მომავალი. ამ დიდ დღეს შემდეგ მოჰყვა არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ბოლშევიზმს და თავისი არჩევანი გააკეთა ცივილიზებული ევროპული ტიპის პარტიების სასარგებლოდ. სამწუხაროდ, შემდეგ ჩვენი ქვეყნის ეს არჩევანი სისხლში ჩაახშო სტალინისტურმა საბჭოთა რუსეთმა და მოგვისპო ნორმალური ცხოვრების შანსი. 

ამიტომ, დღევანდელ დღეს როცა აღვნიშნავთ, უნდა გვახსოვდეს, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ამას, როგორც ყველაზე დიდ მონაპოვარს, რომელიც დავუბრუნეთ საბჭოთა კავშირის დანგრევისას და არასოდეს უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი თავისუფლება ვინმემ წაგვართვას. 

ძალიან ვწუხვარ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ დღესაც საკუთარი დამოკიდებულება გამოავლინა და ეროვნული დროშებიც კი არ არის გამოფენილი. მე მესმის, რომ არ არის ტიპიური ვითარება და ჯერ კიდევ გამოწვევაა პანდემია, მაგრამ რაღაც ღონისძიებების გამართვა და ხაზის გასმა, თუ როგორი საზეიმოა ეს დღე, აბსოლუტურად შესაძლებელი იყო. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მთავრობა გვყავს, რომელმაც ამაზეც კი არ იზრუნა და ეროვნული დროშები არ არის ქუჩებში გამოფენილი.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია დამოუკიდებლობის დღის შესახებ. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები არ გამართულა, პრეზიდეტნმა და მთავრობის წევრებმა მოსახლეობას ვაზიანის სამხადრო ბაზიდან მიულოცეს.

კომენტარები