მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

მეუფე ნიკოლოზი: მეუფე ანტონი საუბრობდა ევროპული ღირებულებების გაყალბებაზე

რუსთავი2

ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის ანტონის ანტიდასავლურ განცხადებაზე ისაუბრა. მისი თქმით მიტროპოლიტ ანტონს ეჭვი არ შეუტანია ევროატლანტიკურ კურსში და დასავლურ ღირებულებებში:

"არავინ არ არის დაეჭვებული ევროატლანტიკურ კურსში, არც მეუფე ანტონი მათ შორის. მეუფე ანტონმა თქვა, რომ სინოდზე დააყენებს ევროატლანტიკური ალიანსის და ევროპული ორიენტაციის საკითხს კი არა, არამედ საკითხს იმის შესახებ, რომ ჩვენ არ ვპასუხობთ ამ ცილისწამებას და ბრალდებებს, რომლებიც ხშირად გაისმის სხვადასხვა ტელევიზიით ჩვენს მიმართ. უპასუხოდ რჩება და ეს საშუალებას აძლევს იმ ხალხს, ვინც ამას აკეთებს, რომ განავითაროს და განავითაროს.

თვითონ მეუფე ანტონსაც ვიცნობ, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, არაჩვეულებრივად აქვს მოწყობილი ეპარქიაში საქმე, ხშირად დადის თვითონ ევროპაში, მადლობა ღმერთს, მეც ხშირად ვყოფილვარ ევროპაში და ამერიკაც მომივლია.

ევროპულ ღირებულებებზე კი არ არის საუბარი, რასაც მეუფე ანტონი ამბობს, არამედ იმ ევროპული ღირებულებების პროფანაციაზე, გაყალბებაზე, ტრანსფორმაციაზე, რაც ჩვენ ხშირად გვესმის ტელევიზიებიდან," - თქვა მან.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებები ამბიონიდან გააკეთა.

"თვალი ხო არ გავახილოთ, თუ ეს არის ევროპის ფასეულობა - ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა.

მე სერიოზულად ვფიქრობ, ალბათ სინოდში დავსვამ ამ საკითხს, რომ ხელახალი რეფერენდუმი ხო არ მოვიწვიოთ და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა", - თქვა მან.

კომენტარები