ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, განაცხადა, რომ აშშ ორი ქვეყნის ურთიერთობას "ახალი ცივი ომის ზღვარისაკენ" უბიძგებს.
"ჩვენი ყურადღება მიიპყრო იმან, რომ აშშ-ში ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას მძევლად აჰყავს ჩინეთი-აშშ-ის ურთიერთობები და ორ ქვეყანას ახალი ცივი ომის ზღვარისკენ უბიძგებს," - განაცხადა ი მ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ის ამბობს, რომ "პოლიტიკური ვირუსი" ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა თავს დაესხას ჩინეთს და მისი დისკრედიტაცია მოახდინოს. კომუნისტური ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმასაც ირწმუნება, რომ "ზოგი პოლიტიკოსი" ჩინეთის წინააღმდეგ ზედმეტად ბევრ ტყუილს და შეთქმულების თეორიას იგონებს.
მისივე განცხადებით, ჩინეთი და აშშ მხარს უჭერენ თანამშრომლობას, რითაც ისინი მოიგებენ, ხოლო დაპირისპირებისას - წააგებენ. ვანგმა თქვა, რომ ორივე მხარემ გზა უნდა იპოვოს მშვიდობიანი თანაარსებობისთვის.
მან ასევე დასძინა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს საკუთარი და მსოფლიო ეკონომიკისთვის მაკროპოლიტიკაზე კოორდინაცია უნდა დაეწყო.
ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.
აშშ ჩინეთს ახალ კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში, ჩახშობაში, სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს. პომპეომ აღნიშნა, ჩინეთი ამბობს, რომ თანამშრომლობა სურს - "მშვენიერია. თანამშრომლობა ქმედებაზეა [დამოკიდებული]". აშშ ამბობს, რომ ჩინეთი ახლაც კი არ აზიარებს ვირუსზე საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას. აშშ ამჟამად ახალი კორონავირუსის წარმომავლობას იძიებს.
აშშ ასევე გმობს ჩინეთის "დამღუპველ წინადადებას" ჰონგ-კონგზე, რაც ჰონგ-კონგს კუთვნილ ავტონომიას შეუზღუდავს. ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მძლავრი რეაქცია ექნება, თუ ჩინეთი თავის გეგმას მიჰყვება და ჰონგ-კონგის ახალ ეროვნული უსაფრთხოების კანონებს მიიღებს.
23 მაისს ცნობილი გახდა, რომ აშშ დამატებით 9 ჩინურ ორგანიზაციას სინძიანგში ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციებს დაუწესებს.
აშშ-მა ტაივანს ჩინეთის პოზიციისა და წნეხის საპირისპიროდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მხარდაჭერა გამოუცხადა. ასევე, აშშ ტაივანისთვის დამატებით $180 მლნ ღირებულების წყალქვეშა იარაღების მიყიდვას აპირებს. მარტში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რითაც საერთაშორისოდ აშშ-ს ტაივანისადმი გაზრდილ თანადგომას ავალდებულებს.
ეს ყველაფერი ჩინეთის აღშფოთებას იწვევს. მარტში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გაავრცელა შეთქმულების თეორია, რომ ვირუსი ჩინეთის ვუხანის რეგიონში, სადაც ის პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ის არმიამ შეიტანა. მოგვიანებით ეს უარყვეს.
მაისის დასაწყისში Reuters-მა ანონიმურ ჩინურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პეკინი კორონავირუსის გამო მზრდად საერთაშორისო წინააღმდეგობას ელის, რამაც, შესაძლოა, აშშ-სთან ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვიოს - პანდემიის შემდეგ პეკინი აშშ-ის წინამძღოლობით "ანტიჩინურ სენტიმენტებს" ელის და ჩინეთი ყველზე ცუდი სცენარისთვის, სამხედრო კონფრონტაციისთვის მზად უნდა იყოს.
ამჟამად, აშშ-ში ანტიჩინური განწყობები, სულ მცირე, ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.