კორონავირუსი საქართველოში

თუ ჩვენს მოქალაქეს მათთან დაუდასტურდა Covid-19, უნდა ეთქვათ - გამყრელიძე ტოროსიანს პასუხობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში, შესაძლოა, ბევრად მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა აღრიცხული და ამაზე ის მიანიშნებს, რომ სომხეთში შესულ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

გამყრელიძის თქმით, ის პირადად იცნობს არსენ ტოროსიანს და მისგან "ასეთი "არადიპლომატიური" განცხადება ეუცხოვა". გამყრელიძის თქმით, დასადასტურებელია, ნამდვილად თქვა თუ არა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ეს. 

"არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჯანმრთელობის საერთო წესების კონვენცია, რომლის ხელმომწერებიც ვართ ჩვენც და სომხეთიც. როდესაც ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა, რომ სომხეთიდან შემოსულ სომხეთის მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსი, ჩვენ ეს მათაც და WHO-საც ვაცნობენ. ეს ჩვენ ეს გავაკეთეთ ჩვენი მეზობელი ქვეყნების მიმართ, რათა მათ შესაბამისი ეპიდსაწინააღმდეგო მოქმედებები გაეტარებინათ. 

აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ გვქონდა ეს შემთხვევები, მაშინ მას ჯანმოსთვის უნდა ეცნობებინა და ჩვენთვისაც ასევე", - თქვა გამყრელიძემ. 

რაც შეეხება ტოროსიანის ნათქვამს, რომ საქართველო სტატისტიკას აყალბებს და ახალი კორონავირუსით ინფიცირებულებს პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობენ, გამყრელიძე ამბობს, რომ არ იცის, რა სტატისტიკას ეყრდნობა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი. 

"მას შეუძლია, ნახოს ჩვენი გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც ქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე ინგლისურადაც. ყოველწლიურ სტატისტიკაში პნევმონიის იგივე დინამიკა გვაქვს. ამასთან, ჩვენთან არ არსებობს ე.წ ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც ჰქონდა იტალიას და კიდევ ბევრ ქვეყანას, სადაც ინფიცირება მაღალი იყო", - ამბობს გამყრელიძე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენრტრის ხელმძღვანელის განმარტებითვე, საქართევლოში დღეს პნევმონიის მქონე ყველა ადამიანს უტარდება დიაგნოსტირება ყველა ჰოსპიტალში. 

გამყრელიძე ასევე გამოეხმაურა ტოროსიანის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის ამბობს, რომ ჩატარებული ტესტირებების აღრიცხვისას საქართველო სწრაფ ტესტებსაც აღრიცხავს. 

"ამ დროისთვის 48 290 ტესტირებაა ჩატარებული და ყველა არის PCR-ტესტირება, ამაში არ შედის რამდენიმე ათასი სწრაფი ტესტირება", - ამბობს გამყრელიძე. 

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა 22 მაისს თქვა, რომ სომხეთის ეპიდემიოლოგიის საწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი. მისი ეს კომენტარი სომხურმა გამოცემამ panorama.am-მა გაავრცელა. 

"განსხვავებები არის მოქალაქეებისთვის ტესტირებების ჩატარების მეთოდოლოგიაში. მე, რა თქმა უნდა, არ მაქვს 100%-იანი ინფორმაცია, გულწრფელად რომ ვთქვა, არც ვთვლი ამას ჩვენს პრიორიტეტულ საკითხად, მაგრამ შესაძლოა, რომ საქართველოში ჩატარებული 40 000-მდე ტესტიდან ყველა არ იყოს PCR-ტესტი. მათი ნაწილი, შესაძლოა, იყოს ექსპრეს-ტესტები, რომელსაც ჩვენ პრაქტიკაში არ ვიყენებთ, რადგანაც არ იმსახურებენ ნდობას. 

მეორე მხრივ, უტარებენ თუ არა ტესტებს კორონავირუსზე იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ინფექციის მარტივი სიმპტომები, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ? ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს, და არც მინდა, რომ ვიცოდე, ვინაიდან ეს ჩვენი პრობლემა არაა.

მესამე, კორონავირუსის სტატისტიკაში აღინიშნება თუ არა ის ადამიანები, რომლებიც პნევმონიით გარდაიცვალნენ და ამასთან მათთვის ჩატარებული ჰქონდათ დიაგნოსიტრება Covid-19-ზე? ჩვენთან ერთმნიშვნელოვნად აღინიშნება. ამასთან, ვაწარმოებთ ცალკე სტატისტიკას, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს გარდაცვალება სხვა მიზეზით დაუდგინდათ", - თქვა ტოროსიანმა. 

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი სულ 723 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 495 გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი - გარდაიცვალა. 

რაც შეეხება მეზობელ სომხეთს, იქ ამ დროისთვის 5 928 ადამიანის დაინფიცირებაა აღრიცხული, საიდანაც 74 გარდაიცვალა, 2 874 კი - გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები