კორონავირუსი საქართველოში

კობახიძე: 22-დან არ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, არც ავტომობილში 3 მგზავრის შეზღუდვა

პარლამენტი

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი კობახის თქმით, 22 მაისს, საგანგებო მდგომარეობის დასრულებასთან ერთად ყველა შეზღუდვა არ მოიხსნება.

"360 გრადუსის" წამყვანმა მას ჰკითხა, თუ მოიხსნება ავტომობილებში 3 მგზავრზე მეტის ჩასხდომის შეზღუდვა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ ის არ მოიხსნება.

"თანდათანობით მოიხსნება [შეზღუდვები], 22-იდან არ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, არც ეს [ავტომობილში 3 მგზავრის] შეზღუდვა, თუმცა თანდათანობით უნდა მოიხსნას და ამისთვის წინასწარ შედგენილია გეგმა, დაახლოებით ერთი თვის წინ შედგა მთავრობის მიერ ეს გეგმა, თანდათანობით ყველა ეს შეზღუდვა მოიხსნება და იმედი გვაქვს, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პირველი ივლისისთვის უკვე საბოლოოდ მოიხსნება ყველა შეზღუდვა", - თქვა მან.

ირაკლი კობახიძემ ასევე თქვა, რომ ქვეყნის დღევანდელი შედეგი ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში ხელისუფლების, ექიმებისა და მოქალაქეების დამსახურებაა.

"ცოტა დაგვრჩა გასაძლები, საუბარი მაქსიმუმ ორ-თვიან პერიოდზე, როდესაც უკვე ყველა შეზღუდვა მოიხსნება, თუმცა მანამდეც თანმიმდევრულად მოიხსნება სხვადასხვა შეზღუდვა. ეს ორი თვეც უნდა გავძლოთ, თანდათანობით [გაიხსნება] კაფეები, რესტორნები, საქალაქთაშორისო მიმოსვლა კონკრეტულ შემთხვევებში, ეს შეზღუდვები - ფეხბურთის თამაშები ვერ ჩატარდება ჯერჯერობით, სოციალური თავშეყრები, ეს არის ის შეზღუდვები, რომლებიც აუცილებლად უნდა დარჩეს, რომ 224 შემთხვევიდან არ მივიღოთ 2 224", - თქვა მან.

დღეს, 21 მაისს, პარლამენტმა 80 ხმით 3-ის წინააღმდეგ, I მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას, საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვები დააწესოს. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

კენჭისყრის წინ ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, ის ნორმები, რაზეც პარლამენტმა დღეს იმსჯელა, გარდამავალ დებულებებში დროებით ნორმებად, ივლისის შუა რიცხვებამდე ჩაიწეროს.

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

საქართველოში 21 მარტიდან დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით მოქმედებს. 23 მაისიდან ის მოიხსნება, კომენდანტის საათთან ერთად.

კომენტარები