ღია ცის ხელშეკრულება

ტრამპი: რუსეთი ღია ცის ხელშეკრულებას არ იცავს, ამიტომ შეთანხმებიდან გავდივართ

დონალდ ტრამპი
Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ღია ცის ხელშეკრულებას ტოვებს.

"ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან. თუმცა, რუსეთი არ იცავდა შეთანხმებას. ამიტომ, სანამ ისინი არ დაიცავენ, ჩვენ გავალთ," - განაცხადა მან.

შეთანხმება 35 ქვეყანას ერთმანეთთან შეუიარაღებელ სადამკვირვებლო ფრენის საშუალებას აძლევს.

ტრამპის განცხადებით, არის შესაძლებლობა, რომ მათ ახალი შეთანხმების თაობაზე მოილაპარაკონ ან გააკეთონ რამე, რათა არსებული შეთანხმება აღდგეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ რუსეთი შეთანხმების პირობებს მუდმივად არღვევს. ოფიციალური პირების განცხადებით, შეთანხმებიდან გასვლას ფორმალურად 6 თვე დასჭირდება. 

"ამ განხილვის დროს ცხადი გახდა, რომ აშშ-ის ინტერესებში აღარ შედის ღია ცის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე მხარედ დარჩენა," - განაცხადა ერთერთმა მაღალჩინოსანმა, რომელიც პრესას ანონიმურად ესაუბრა.

მისივე განცხადებით, რუსეთი იმგვარად არღვევს ხელშეკრულებას, რომ ამან, შესაძლოა, ხელი შეუწყოს შეერთებული შტატებსა და მოკავშირეებისთვის სამხედრო საფრთხეების შექმნას.

Reuters, აშშ-ის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, აღნიშნავს რუსეთის მრავალწლიან ძალისხმევას, დაერღვია შეთანხმების პირობები - საქართველოს ტერიტორიაზე და კალინგრადის სამხედრო ანკლავზე აშშ-სთვის გადაფრენის შეზღუდვით.

ამას გარდა, რუსები ამერიკისა და ევროპის ტერიტორიებზე გადაფრენას ამერიკის საკვანძო ინფრასტრუქტურის გამოვლენისთვის იყენებდნენ, ომის დროს პოტენციური თავდასხმისთვის.

გამოცემა ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის გასვლის შემდეგ, შეთანხმება, შესაძლოა, მოსკოვმაც დატოვოს.

თავდაპირველად, 1955 წელს, ღია ცის შესახებ შეთანხმების ინიციატივა აშშ-ის 34-ე პრეზიდენტს, დუაიტ ეიზენჰაუერს, ეკუთვნოდა. შეთანხმებას 1992 წელს მოაწერეს ხელი და 2002 წელს ამოქმედდა.

ამჟამად შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, აშშ, რუსეთი, ბელარუსი, ბელგია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, იტალია, ყაზახეთი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის აპრილში საქართველომ რუსეთის ფედერაციის მიმართ ღია ცის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე უარი თქვა და ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებელებების შესრულების შეწყვეტის გამო გადადგა:

"ქართულმა მხარემ ეს ნაბიჯი გადადგა რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შესრულების შეწყვეტის საპასუხოდ. რუსეთის ეს ქმედება, რომელიც დაიწყო 2010 წელს, მიზნად ისახავს ღია ცის ხელშეკრულების გამოყენებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობის ლეგალიზაციისთვის".

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი წერს, რომ როდესაც აშშ ღია ცის ხელშეკრულებას დატოვებს, ეს გადაწყვეტილება შეიარაღების კონტროლის ისტორიაში კიდევ ერთი დიდებული მომენტი იქნება.

გასული წლის იანვარში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა 1987 წელს რეიგანისა და გორბაჩოვის მიერ რუსეთთან გაფორმებული შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმება (INF). შეერთებულმა შტატებმა შეთანხმება სრულად აგვისტოში დატოვა. ამის შემდეგ შეთანხმებიდან გავიდა რუსეთიც, ხოლო პუტინი დაიმუქრა, რომ თუ აშშ ახალ რაკეტებს შექმნიდა, რუსეთიც იმავეს გააკეთებდა.

ხსენებული შეთანხმება რუსეთსა და აშშ-ს 500-დან 5 000 კილომეტრამდე მოქმედი რაკეტების გამოყენებას უკრძალავდა. აშშ-მა და NATO-მ რუსეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. შტატებს მიაჩნია, რომ რუსეთი აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც ევროპაზე ბირთვულ თავდასხმას შესაძლებელს მცირე დროში გახდის.  

"აშშ-მა აღიდგინა შეიარაღების კონტროლის სანდოობა, როდესაც ჩვენ INF-ის შეთანხმებიდან NATO-ს ერთსულოვანი მხარდაჭერით გამოვედით, მას შემდეგ, რაც რუსეთი განუწყვეტლივ არღვევდა მის წესებს," - განაცხადა პომპეომ თებერვალში.

კომენტარები