კორონავირუსი დაღესტანში

ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაღესტანში Covid-19-ის გამო არსებული მძიმე სიტუაციის შესახებ ისაუბრა

ხაბიბ ნურმაგომედოვი და მისი მამა აბდულმანაპი

MMA-ს მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ინსტაგრამზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც დაღესტანში კორონავირუსის გამო არსებულ მძიმე სიტუაციაზე საუბრობს.

ნურმაგომედოვმა თქვა, რომ მისი მამა კრონავირუსის გართულების გამო მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით, ვირუსის გამო მისი 20-ზე მეტი ნათესავი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა და რამდენიმე გარდაიცვალა.

"ბევრი ადამიანი დაავადდა, ბევრი გარდაიცვალა... ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს", - ამბობს ის ვიდეოში. მან მუსლიმებს მოუწოდა, რელიგიური დღესასწაულების პერიოდში სახლებში დარჩნენ.

ნურმაგომედოვის მამა აბდულმანაპი მისი მწვრთნელიცაა. ის 57 წლისაა და ამჟამად კორონავირუსის გამო კომაშია.

ოფიციალური მონაცემებით დაღესტანში ვირუსი 3 600-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა და 36 გარდაიცვალა, თუმცა რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ჯამალუდინ ჰაჯიბრაჰიმოვმა გასულ კვირას თქვა, რომ ვირუსის გამო სულ მცირე 40 ექიმი დაიღუპა.

ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით რეგიონში სიტუაცია კატასტროფულია და სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობას განიცდიან. მათი თქმით ვირუსის გავრცელების შემდეგ დაღესტანში პნევმონიით ასობით ადამიანი დაიღუპა.

სასულიერო პირებმა კრემლს დახმარებისათვის მიმართეს. პუტინმა აღიარა, რომ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში მდგომარეობა მძიმეა და მათ დახმარებას დაჰპირდა.

რუსეთში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 308 705 შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 8 764. დაიღუპა 2 972 ადამიანი, თუმცა, ეს მონაცემები საეჭვოა, რადგან მოსკოვის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის მქონე პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევების 60% ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება, რადგან მათ სხვა დაავადებაც ჰქონდათ.

კომენტარები