ოკუპირებული ტერიტორიები

ახალგორის გამგებელი გარდაცვლილზე: რამდენიმე თვე ითხოვდა გადმოსვლას და უფლებას არ აძლევდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებელი

ახალგორის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, 63 წლის ახალგორელი კაცი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, თვეების განმავლობაში ითხოვდა ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას. 

"დაავადებასა და დიაგნოზზე ვერაფერს გეტყვით. ვიცი, რომ ცუდად იყო, ცხინვალში ჰყავდათ, წითელ ჯვარს უნდა გადმოყვანა დღეს, მაგრამ საღამოს რომ დამძიმდა, გუშინვე წამოიყვანეს იქიდან და გზაში დაიღუპა კარალეთთან... როგორც ვიცი, რამდენიმე თვე თხოულობდა გადმოსვლას, მაგრამ არ აძლევდნენ უფლებას", - თქვა გამგებელმა ტელეკომპანია პირველთან საუბარში. 

მომხდარს გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი და თქვა, რომ გარდაცვლილი კაცი "არაადამიანური და არალეგალური შეზღუდვების მორიგი მსხვერპლია." მისივე ინფორმაციით, კაცს ინსულტი ჰქონდა და ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. 

"არ უნდა ფერხდებოდეს ასეთ გადაუდებელ სამედიცინო საჭიროებაზე მაინც გადაადგილება, მით უფრო მოგეხსენებათ, რომ ახალგორელებს ექმნებათ ძირითადად ეს პრობლემა, რაც არის აბსოლუტურად, კატეგორიულად მიუღებელი, ატარებს ეთნიკურ ნიშანსაც და ეს კიდევ უფრო ამძიმებს, აი, ამ მოქმედებებს, რასაც ახორციელებს რეჟიმი", - ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

63 წლის კაცი, რომელიც სამედიცინო საჭიროებისთვის ოკუპირებული ახალგორიდან წითელი ჯვრის მეშვეობით გუშინ, 19 მაისს გადმოიყვანეს, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

კომენტარები